
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერათობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, აცხადებს, რომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღე ისე მოახლოვდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. თუმცა, იგი ვარაუდობს, რომ შეიძლება, რუსეთმა საქართველოსთვის, სავაჭრო ურთიერთობაში გარკვეული პირობები შეცვალოს.
„როდესაც ჩვენ, რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ ჩვენ ისე მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, რომ რუსეთიდან ხელის შემშლელი, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეგვხვდება, ეს ბევრს საქართველოში არ ეჯერა, ოპონენტებსაც და ჩვენი საზოგადოების გარკვეულ რაოდენობას. ახლა ჩვენ, მივედით იმ დღემდე, როდესაც მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.
შეიძლება, რაღაც პირობები შეიცვალოს, რუსეთის მხრიდან, შეიძლება იყოს მცდელობა, რომ გადაიხედოს რაღაც პარამეტრები სავაჭრო ურთიერთობებისა, მაგრამ ეს გამოჩნდება“, - განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ხვალ მოაწერს.