-
2014-06-23 07:43
ამერიკელები რომ უკვე ფეხბურთშიც ანგარიშგასაწევი მეტოქეები გახდნენ, ბეტუს კარში გატანილმა ორმა ულამაზესმა გოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: პორტუგალიელები ამერიკელებთან ფიასკოს ბოლო წამებზე გადაურჩნენ, თუმცა, საეჭვოა, ფრე მათთვის დიდად საამაყო იყოს.
არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, რომ აშშ-ის ნაკრებს მოვლენები კარგს არაფერს უქადდა: პორტუგალიელებმა შესანიშნავად ისარგებლეს ამერიკელთა დაცვაში არეულობით და ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს: ახლო დისტანციიდან ნანის წინაშე უძლური აღმოჩნდა მეკარე ჰოვარდი.
ყველა ელოდა, რომ ამ თამაშის მოგება პორტუგალიელებს არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამერიკელებმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს ავისმოსურნეები, როცა ულამაზესი შორეული დარტყმით ჯერ 64-ე წუთზე ჯონსმა, გაათანაბრა, ხოლო ათი წუთის შემდეგ დემპსმა აშშ წინ გაიყვანა.
სხვათა შორის, ამერიკელებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ - მათმა თამაშმა ბევრი გააოცა. რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ მატჩის ბოლო წუთებში შესძლეს მაქსიმალური კონცენტრაცია და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ისევ რონალდუ გამოირჩა, როცა უკვე დამატებით დროში, მის ამოწურვამდე 30 წამით ადრე მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი ჩაწოდებით ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა სილვესტრე ვარელას, ამ უკანასკნელს კი ისღა დარჩენოდა, ბურთი ბადეში შეეგდო.
მატჩის საუკეთესო მომენტები (ვიდეო)
