-
2014-06-19 10:38
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას რეიტინგი ქვეყანაში 41%-მდე დაეცა, რაც 3%-ით ნაკლებია აპრილის რეიტინგთან შედარებით.
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ისა და ტელეკომპანა NBC-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკას გამოკითხულ ამერიკელთა მხოლოდ 37% ემხრობა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მისი პრეზიდენტობის განმავლობაში. რესპონდენტთა 57% კი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას.
"ამ მაჩვენებელზე ასევე უარყოფითად აისახა ობამას მიერ გუანტანამოს ციხიდან "თალიბანის" რამდენიმე წევრის გათავისუფლება, რომლებიც აშშ-ის არმიის სერჟანტ ბოი ბერგდალში გადაცვალეს", - აღნიშნავენ გამოკითხვის ავტორები.
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ მათ პრეზიდენტს აღარ შესწევს არსებული ამოცანების შესრულება - რესპონდენტთა 54% -მა პრეზიდენტის შესაძლებლობებისადმი ნდობა დაკარგა, რომ ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს; 42% კი, საწინააღმდეგო აზრზე დგას.
გამოკითხვა, რომელიც Wall Street Journal-ისა და ტელეკომპანა NBC-ის დაკვეთით ჩატარდა, კომპანია Public Opinion Strategies და Hart Research Associates-მა 2014 წლის 11-დან 15 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 18 წელზე ზემოთ ათასმა ადამიანმა მიიღო.