-
2014-09-25 22:06
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა მარტვილის რაიონში: 53 წლის მამაკაცს ვალერი ცაავას, რომელიც ტყეში ხეების ჭრის დროს ტრაქტორში იჯდა, ხე დაეცა და დაიღუპა.
„აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, რომ იმ დროს, როცა ტრაქტორს ხე დაეცა, მასში ვალერი ცაავა იჯდა. ხის დაცემის შემდეგ ტრაქტორის სახურავი დაიპრესა და ცაავამ კაბინიდან დამოუკიდებლად გადმოსვლა ვერ შესძლო - ის დანარჩენმა ხისმჭრელებმა გამოიყვანეს, თუმცა, სანამ დასახლებულ პუნქტში მდებარე საავადმყოფომდე მიიყავნდნენ, ვალერი ცაავა გზაში გარდაიცვალა.
„ტრანსპორტირების დროს თავს შედარებით ნორმალურად გრძნობდა, რამდენიმე ღერი სიგარეტიც მოსწია, გონება არ დაუკარგავს, მაგრამ ბოლოს თქვა, ცუდად ვარო და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა.
ვალერი ცაავას ოჯახში ეს პირველი ტრაგედია არ არის. იანვარში მისმა 25 წლის ბიჭმა - ირაკლი ცაავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ის დილით ბებიამ ეზოში მდგარ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. თვითმკვლელობამდე ბიჭმა „ფეისბუქზე“ დატოვა სტატუსი, სადაც მის ჩანაფიქრზე მინიშნებას აკეთებდა. „აფხაზეთის ხმამ“ მაშინ ამ თემაზე ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შენიშვნა: მთავარი ფოტო არ ასახავს სტატიაში აღწერილ ფაქტს და თან ერთვის თემატური კავშირის პრინციპით
