
სავარაუდოდ, ოჯახში მეუღლის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის გახშირებული ფაქტები გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, რომელიც ვარკეთილში 21 წლის ლიკა ვ.-მ ჩაიდინა: მან 80 აბი ნო-შპა დალია და აბების მიღებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
„აფხაზეთის ხმისთვის“ მომხდარი თვითმკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. შემთხვევა 14 სექტემბერს, ვარკეთილში მოხდა, სადაც გარდაცვალებამდე მაკა ვ. მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მაკა ვ. დიასახლისი იყო, ხოლო მეუღლე ვარკეთილში, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა.
თვითმკვლელობის დღეს ლიკა ვ.-ს მეუღლე დაუკავშირდა და უთხრა, რომ სახლში სტუმრები მოჰყავდა და სადილი გაემზადებინა, რაც ლიკა ვ.-მ შეასრულა. ის სტუმრებს შინ დახვდა, სუფრასთან მიიპატიჟა, შემდეგ კი დამატებით პროდუქტების ყიდვის საბაბით მარკეტში გავიდა, გზად კი, სავარაუდოდ, აფთიაქში შეიარა, 80 აბი ნო-შპა იყიდა და ერთად მიიღო. ამის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა, სტუმრებთან შევიდა და მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა და იატაკზე გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც ადგილზე დაახლოებით 15 წუთში მივიდა, ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვილი დახვდა. როგორც ქალის ნათესავები ამბობენ, გარდაცვლილს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, რომელიც მას ხშირად სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც არაერთხელ გამხდარა „ნათესავური გარჩევის“ საგანი, თუმცა, ყოველთვის შერიგებით სრულდებოდა.
გარდაცვლილის ნათესავმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუმალეს, რომ გარდაცვილს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან.
ამავე წყაროს ცნობით, ლიკა ვ-ს ცხედარი დასავლეთ საქართველოს ერთერთ რაიონში, მამისეულ სახლში გადაასვენეს. გოგონას ოჯახმა უარი თქვა ცხედრის გადასვენებაზე მისი ქმრის სახლში, სადაც წყვილი თბილისში გადმოსვლამდე, რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა.
შენიშვნა: მასალასთან მთავარი ფოტო დაკავშირებულია თემატური პრინციპით.