
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა და საკუთარ სახლში დაკავებული პირის საძინებელში, საწოლის ქვეშ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინა.
ოპერაციის ჩატარების ფორმამ და იმ ფაქტმა, რომ დაკავებულს მთელი სოფელი იცნობს, როგორც სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდას, სოფელი აღაშფოთა - ისინი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ოპერაციაში, რომელიც შსს-მ ჩაატარა, ოცზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. გერგედავას მეზობლები დარწმუნებული არიან, რომ დაკავებულს ნარკოტიკი ჩაუდეს და ამბობენ, რომ პოლიცია წალენჯიხის სოფლებში ბოლო დღეების განმავლობაში თავაშვებულად იქცევა:
„კონდახებით ცემენ მამაკაცებს, მანამდეც დააკავეს ოთხი ახალგაზრდა, ცდილობდნენ ეთქმევინებინათ, რომ ნარკოტიკი მიათი იყო, ამპულებს და შპრიცებს ტენიდნენ, მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი... ერთმა ტვინის შერყევა მიიღო, ორს ნეკნები ჩაუმსხვრიეს, ბოლოს ერთმა აიღო თავის თავზე...“.
„აფხაზეთის ხმას“ გერგედავას ოჯახში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე უყვება დაკავებულის დედა:
,,საღამოს ათი საათი იქნებოდა, ბოსტანში ვიღაც უცნობი დავინახე ჩამალული იყო , დავუყვირე, ვინ ხართ აქ რა გინდათ–მეთქი. ასე მითხრეს, ოპერები ვართო და წავიდნენ. მერე უკვე ღამის 4 საათი იქნებოდა, რომ ქუჩაში მანქანის ხმა გავიგე.
სწრაფად შემოვიდა მანქანა ხმაურით, იქიდან გადმოვიდნენ ნიაღბიანები, გზიდან კიდევ მოჰყვნენ, ერთი ოცი კაცი იქნებოდა. მათთან ერთად იყვნენ ჩვენი სოფლის პოლიციელები.
შემოვარდნენ სახლში, ჯერ ერთი კარი შემოამტვრიეს მერე მეორე, მესამე, ჩემ შვილს სადაც ეძინა იქ შევარდნენ, მე ახლოს არ მიშვებდნენ , ვყვიროდი არაფერი ჩაუდოთ, მაგას არაფერი აქვს დანაც კი არ აქვს–მეთქი...“ - დედის თქმით, მისი შვილი მაინც დააკავეს, დედას კი აუხსნეს, რომ მარიხუანა საწოლის ქვეშ იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან და დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია შსს-ს.