
უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი რამდენიმე ბატალიონისა და დანაყოფის წევრები ე.წ. ნოვოროსიის არმიის ბოევიკებმა ილოვაისკთან ტყვედ აიყვანეს. სულ ტყვედ აყვანილია 173 მებრძოლი.
ტყვედ ჩავარდნილთა შორის არიან „აზოვის“ „დნეპრისა“ და „დონბასის“ წევრები. ისინი ილოვაისკში პოზიციებს ამაგრებდნენ, შემდეგ კი ორმაგი ალყის გარღვევა სცადეს, რა დროსაც გამანადგურებელი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
დამხმარე ძალის გაგზავნა, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ხელმძღვანელთა დაპირების მიუხედავად, ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც ტყვედ ჩაბარება და ტერორისტების ულტიმატუმის მიღება მებრძოლთა ნაწილმა თავად გადაწყვიტა.
ფოტორეპორტაჟი, რომელსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ „აფხაზეთის ხმა“, იმ ვიდეომასალის მიხედვითაა მომზადებული, რომელიც „ნოვოროსიის“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს. იმის გამო, რომ ვიდეომასალაში ტყვეთა დამცირების ამსახველი კადრებია, ჩვენ თავს ვიკავებთ მისი ტირაჟირებისგან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტყვედ საკუთარი ნებით ჩაბარებულებსაც და ბრძოლის დროს დატყვევებულებსაც 30 აგვისტოს, ბოევიკების საველე ბაზაზე, სადაც ისინი „ურალის“ მარკის სამხედრო მანქანებით მიიყვანეს, დამამცირებელი დაკითხვა მოუწყვეს.
ტერორისტებმა ტყვეები წელსზემოთ გააშიშვლეს, მუხლებზე დგომა აიძულეს, ხოლო მოგვიანებით, იარაღის მუქარით აიძულეს, ეხტუნავათ და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული „ჩასტუშკები“ ემღერათ. ტერორისტებმა რიგითები და ოფიცრები ერთმანეთისგან გააცალკევეს.
ვიდეოს დასწყისში კარგად ჩანს, სავარაუდოდ, ჩეჩენი დაქირავებული ბოევიკის მიერ ერთერთი ტყვის დაკითხვა, რომელსაც ქართველი მოხალისის „დობერმანის“ შესახებ ეკითხებიან:
„სად არის ის დობერმანი, ჩვენ რომ გვემუქრებოდა?“, „არ ვიცი“, „როგორ არ იცი, ნაბიჭვარო, ის ხომ „დონბასშია“, სად არის ახლა, ჩეჩნებს რომ გაპარსვას ჰპირდებოდა?“; „არ ვიცი, დიდი ხანია არ მინახავს“; „აჰა, დიდი ხანია? ისიც ასე ჩავარდება, როგორც შენ ჩავარდი და ისიც ისეთივე პიდარასტი გახდება, როგორიც შენ ხარ ახლა... შენც ხომ ვერ იფიქრებდი, რომ აქ აღმოჩნდებოდი?“, - ამ სიტყვების შემდეგ ტერორისტი ტყვეს სახეში ურტყამს.
ტერორისტთა დაჯგუფების მეთაური ტყვეებს სიტყვით მიმართავს და ამბობს, რომ აქედან ისინი პირდაპირ წავლენ მათ მიერვე დანგრეული ქალაქებისა და სოფლების აღსადგენად. მეთაურის თქმით, არცერთი არ გათავისუფლდება მანამ, სანამ უკრაინის არმიის მიერ დანგრეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენა არ გათავისუფლდება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ილოვაისკთან უკრაინის შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები ორმაგი რკალის ქვეშ აღმოჩნდნენ. რამდენიმე დღეა, მათი პოზიციები რუსი ოკუპანტებისა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ილოვაისკთან ჯერაც არიან გამაგრებული ცალკეული უკრაინული შენაერთები. როგორც ვიდეოდან ჩანს, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ტყვედ ჩაბარდნენ.
არიან თუ არა ტყვედ აყვანილ პირებს შორის ქართველი მოხალისეები, ჯერჯერობით დაუდგენელია.
რედაქციის შენიშვნა: ფოტომასალის გამოქვეყნებამდე ისინი დამუშავებულია ან ისეთი რაკურსითაა გამოქვეყნებული, რომ არ მოხდეს ტყვეების იდენტიფიკაცია, მათი ვინაობის ოფიციალურად გამოცხადებამდე.
ლაშა ბერულავა