
"კაზანტიპის" დაცულ ტერიტორიაზე რომ ფესტივალის გახსნის დღიდანვე პროდუქტებსა და კერძებზე ფასების მატება იყო მოსალოდნელი, არავინ უარყოფდა, მაგრამ სურათმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა.
სიძვირის მიუხედავად, უცხოელი ტურისტები დიდად უკმაყოფილო მაინც არ არიან - ის, ვინც ფესტივალზე პირვალად არაა და ყირიმის ნახევარკუნძულზე, სოფელ პოპოვკაში არსებული ფასები ახსოვს, ამბობს, რომ იმასთან შედარებით აქ პროდუქტები და კერძები იაფიც კი ღირს.
"აბა რას ამბობთ, რა სიძვირე, არანაირი სიძვირე არ არის, პოპოვკაში ჩიპსებს და სუხარიკებს ვჭამდით და ჩიპსში 5 დოლარს ვიხდიდით, "ტრი კოროჩკიც" კი 5 დოლარი ღირდა და საერთოდაც, იქ ფასები ხუთი დოლარიდან იწყებოდა, მოფსმაც კი მაგდენი გვიჯდებოდა", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" ტანია კოვალევამ.
სამაგიეროდ, ანაკლიაში არსებული ფასებით არც ისე აღფრთოვანებული ჩანან ფესტივალის ქართველი მონაწილეები: "უსირცხვილობასაც თავისი საზღვარი აქვს, ქართველების მომხვეჭელობა აქც კი ვლინდება, ძალიან სეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რადგან ნახევარ ლიტრ სასმელ წყალში 4 ლარს ვიხდი. ეს რა უბედურებაა?", - ამბობს ქართველი გოგონა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"აფხაზეთის ხმა" ტურისტთა ჯგუფის მიერ საკმაოდ ნოყიერი სადილის დასრულების შემდეგ, სადაც მენიუში რამდენიმე ათეული ხინკალი, მწვადი, შოთი პური, ლუდი და წყალი შედიოდა, დანახარჯით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ხუთკაციანმა ჯგუფმა სადილის საფასურად 235 ლარი გადაიხადა.
იმ პროდუქტებისა და კერძების ფასი, რომლებიც ანაკლიაში მოთხოვნადია, ასე გამოიყურება:
მოხარშული სიმინდის ერთი ტარო, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე სანაპიროზე 1-1,5 ლარი ღირდა, სამჯერ გაძვირდა და 5 ლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ ერთი კათხა ლუდი და ნახევარი ლიტრი "კოკა-კოლა", მომცრო ზომის ქართული შოთი პური 3 ლარი ღირს, ერთი ცალი ხინკალი 2, პელმენი კი 1 ლარი.
ენერგეტიკული სასმელი 6-8 ლარია, ხოლო კოქტეილის ფასი 20 ლარიდან იწყება. 20 ლარი ღირს ასევე ღორის მწვადი შამფურზე, 250 გრამი ჩიფსის ფასი 7 ლარიდან იწყება, ერთი ულუფა ფრი კი 6 ლარია. გაძვირდა სიგარეტიც: წითელი "მალბორო" სავაჭრო ობიექტებში 8 ლარი ღირს, "პარლამენტ ლაითი" და "უინსტონ ლაითი" 6, ხოლო "მაგნა" - 5 ლარი. იყიდება ასევე უფილტრო სიგარეტებიც, რომლის შეძენა 3 ლარი დაგიჯდებათ. სხვათა შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ უფილტრო სიგარეტი იყიდება.
სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის", ლანა დარჯანია