
კომპანია „ალგორითმს“, რომელიც მეოთხე წელია, პირველკლასელებს ნეთბუქებით ამარაგებს, წელს კომპანია UGT ჩაანაცვლებს. განათლების სამინისტრომ სწორედ ამ უკანასკნელს მიანიჭა უპირატესობა, იმის მიუხედავად, რომ ტენდერის დროს UGT-ს მოდელის ხარსიხი არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ.
ტენდერზე „ალგორითმმა“ „ინტელის“, ხოლო UGT-მ „ეისერის“ მოდელები წარმოადგინეს, თუმცა, UGT-ს მიერ ტენდერზე წარმოდგენილი მოდელს ხარვეზები აღმოაჩნდა, რის გამოც კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო. როგორც UGT-ს დირექტორმა განმარტა, მწარმოებელმა ტენდერის დროისთვის ვერ მოასწრო მისი დამზადება ქარხნულად.
ამას გარდა, UGT-ს მოდელმა არასათანადოდ გაიარა ვარდნის ტესტი, რასაც ტექნიკური წუნი დაემატა. საბოლოოდ კომპანია ტენდერიდან მოხსნეს, მაგრამ მან მეორე დღეს წერილი წარმოადგინა, კომისიას იგივე მოდელი შესთავაზა და შესასყიდ ფასს 400 ათასი ლარი დააკლო. იმის მიუხედავად, რომ "იუჯითიმ" ისევ იგივე, დისკვალიფიცირებული მოდელი წარმოადგინა, ის მაინც დაუშვეს.
ამის მიზეზი მხოლოდ ერთი იყო - ტენდერი ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა "ალგორითმს". მისთვის შეკვეთა რომ არ მიეცა, კომისიამ ისევ ძველი, დისკვალიფიცირებული პროდუქტი დააბრუნა "არენაზე", ხოლო რადგან ტენდერი ხელახლა ვერ გამოცხადდებოდა, არჩევანის პრეროგატივა მთავრობაზე გადავიდა. მთავრობამ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა და განათლების სამინისტროს პირდაპირი შესყიდვის უფლება მისცა, თავის მხრივ კი, განათლების სამინისტრომ კომისიის მიერ დისკვალიფიცირებული და მერე ხელახლა დაშვებული პროდუქციის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი...
"ტენდერის პირობებში, როდესაც მიიღო დისკვალიფიკაცია "იუჯითიმ" იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც წარმოადგინა იმიტომ, რომ ხარვეზი იყო დოკუმენტაციაში, ამის შემდეგ წარმოადგინეს სხვა მოდელები, როგორც "იუ ჯი თის", ასევე "ალგორითმის" მხრიდან. შეჯერდა ინფორმაცია, შედარდა მოდელი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შედარდა ფასები და ფასის მიხედვით და წარმოდგენილი მოდელის მიხედვით ყველაზე კარგი შემოთავაზება მოგვცა "იუ ჯი თიმ". ასევე ვეტევით მოწოდების ვადებში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ "იუ ჯი თი"- სთან", - განაცხადა დღეს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
„ალგორითმი“ უკვე მეოთხე წელია, პირველკლასელებისთვის დასარიგებელ ნეთბუქებს აწარმოებს. „იუჯითის“ ასეთი გამოცდილება არა აქვს. ამასთან, „ალგორითმის“ პრეზიდენტი გიორგი კორახაშვილი სატენდერო კომისიის ტენდენციურობაზე მიანიშნებს:
„თუ ტენდენციური არაა სატენდერო კომისია, ამიხსენით:
1) რატომ ჩაიდო შეზღუდვა ქართულ წარმოებაზე;
2) რატომ არ ითხოვს UGT-ის ნიმუშის ვარდნის ტესტის შედეგებს, რატომ ენდობა მხოლოდ წარმოების თანამშრომლის ფიცს, რომ არ ტყდება;
3) UGT-ის ვერც ნიმუშმა და ვერც საბუთებმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები და მოხდა დისკვალიფიკაცია, ამის შემდეგ რატომ ჩაშალეს ტენდერი და არ გადავიდნენ შემდეგ პრეტენდენტზე?
მოკლედ, ბევრი კითხვაა და იმედი მაქვს ბავშვებისთვის, ქართული წარმოებისთვის, სატენდერო კომისიის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, კომპანია UGT-ის რეპუტაციის გადარჩენისთვის (რადგან მათი პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, სავარაუდო ფიზიკური დაზიანებები იქნება მრავლად), თვითონ INTEL--ის პროექტის CLASSMATE PC - ის (ეს პროქტი მსოფლიოს ათეულ ქვეყნებში მიმდინარეობს ჩვენი პროდუქტით) გადარჩენისთვის, მთავრობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ბავშვები მიიღებენ დაცულ ბუქებს სექტემბერში.
„ალგორითმის“ შეთავაზებული CLASSMATE PC კომპანია INTEL-ის უნიკალური პროდუქტია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, გათვალისწინებულია ბავშვების უსაფრთხოებისთვის ყველა პუნქტი, წლებია, გამოცდილია მისი თვისებები გამძლეობაზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ნაკლებ დაზიანებას და თვითონ ბუქების მინიმალურ ფიზიკურ დაზიანებას.
ხოლო ალტერნატიული პროდუქციის მიღების შემთხვევაში დაზიანება გარანტიას არ ექვემდებარება და მოუწევთ მშობლებს საკუთარი ჯიბიდან ან მთლიანი ღირებულების დავარვა (დაახლოებით 500 ლარამდე) ან დაზიანების აღდგენის ხარჯის დაფარვა. არადა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ: ჩვენი პროდუქტი სასკოლო პირობებში მოხმარებისას, როცა დაზიანება ყოფითია და არა მიზანმიმართული, არ ტყდება!..“
შეგახსენებთ, ეს განცხადება გიორგი კორახაშვილმა მანამდე გააკეთა, სანამ განათლების სამინისტროს მიეცემოდა პირდაპირი ტენდერის ჩატარების უფლება. დღეს თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ხელშეკრულებას UGT-სთან გააფორმებს.