
როგორც მსახიობი ეკა ჩხეიძე ამბობს, ავტომობილს უკვე 25 წელია მართავს და პროფესიონალი მძღოლია. თუმცა აღიარებს, რომ სიჩქარეც ძალიან უყვარს.
მსახიობი პატრულთან დაკავშირებით სახალისო ისტორიას ყვება.
„ერთხელ მე და ჩემი შვილი ბათუმიდან მოვდიოდით. საშინლად წვიმდა.
სამარშრუტო ტაქსის გადავუსწარი და პატრულმა გამაჩერა. ისე წვიმს, მუსიკა ბოლო ხმაზე მაქვს ჩართული, ჭერზე წვეთების ხმამ რომ არ შემაწუხოს. მივაწოდე საბუთები. გადახედა, როგორ დადიხარ, ერთი წელია, მართვის უფლება ჩამორთმეული გაქვს, აქამდე არავის გაუჩერებიხარო?
ასე კარგად ვიარე ალბათ-მეთქი, გავუღიმე. კიდევ ორი თვე დაგრჩათ, ვერ გაგიშვებთ, უნდა გადმობრძანდეთ და ტაქსით გააგრძელოთ გზა, მანქანას საჯარიმოზე გადავიყვანთო. ქუთაისში ვარ, რას ჰქვია ტაქსით წავიდე, ამდენი ბარგი მაქვს, შვილი მიზის მანქანაში. არ გადმოვალ-მეთქი, გავჯიუტდი.
დალპა ეს საწყალი პატრულის თანამშრომელი. ცოცხალი თავით არ გადავდივარ. მთელი საქართველო ჩავრიე, გვარებსა და სახელებს არ ვიტყვი. შვილი მეუბნება, დედა დაგიჭერენ, წესიერად ილაპარაკეო.
ბოლოს იმერეთის რაიონის საპატრულოს უფროსმა დაურეკა ამ ბიჭს და გაგვიშვეს. თან, მომცა ფურცელი, ვიღაცების სახელები და გვარები ეწერა, თუ ვინმე გაგაჩერებს, თბილისამდე გამოგადგებაო. თუ არადა, რომ ჩახვალ, საპატრულოში მიდი, მეთორმეტე ოთახში შეწყალება დაწერე და შეგიწყალებენო.
ჩამოვედი გარუჯული, შორტებში, პლატფორმებზე შემხტარი და მოვხვდი ტაქსის მძღოლების რიგში. ხომ არ გგონია, ვინმემ რიგი დაგითმოს. გადავწერე ვიღაცის შეწყალება და… შემიწყალეს. “ - იხსენებს ეკა ჩხეიძე.
reitingi.ge