
მოცეკვავე ძმები გიგი და რატი გაჩეჩილაძეები გარდა იმისა, რომ დედმამიშვილები არიან, ერთმანეთს საუკეთესო მეგობრებადაც თვლიან და საიდუმლოებებსაც უზიარებენ.
ძმები ბავშვობაში თავს გადამხდარ კურიოზებს იხსენებენ.
„არ დამავიწყდება ის დღე, როცა გიგიმ ფეხი მოიტეხა: მაშინ რამდენი წლის ვიყავი, აღარ მახსოვს. გიგიმ სიგარეტის მოწევისას წამასწრო და პანღური ისე ძლიერად ამომარტყა, რომ ფეხი დაიზიანა. ფეხი მუხლსა და წვივს შორის გადაუტყდა.
სამაგიეროდ, მე არაფერი მჭირდა. პანღური ძალიან მტკივნეულიც არ ყოფილა. გიგიმ ფეხის მოტეხვა როგორ მოახერხა, არ ვიცი,“ - აღნიშნა რატი გაჩეჩილაძემ.
მომხდარი გიგმაც დაადასტურა და გაიხსენა, რომ მოტეხილი ფეხი თაბაშირში დიდხანს ჰქონდა ჩასმული.
„მსგავსი ამბები ხშირად გადაგვხდენია, მაგრამ ყოველთვის გაცნობიერებული გვქონდა, რომ ერთი ოჯახის წევრები ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და ოჯახის წევრების წინსვლა საკუთარზე მეტად გვახარებს.
სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთი სრულყოფილებამდე მივიყვანოთ. მაგალითად, სიგარეტს მეც ვეწევი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მავნე ჩვევაა. ამიტომ მინდა, რატიმ არ მოწიოს.
ბავშვობაში ძალიან გიჟი ვყოფილვარ. მე არ მახსოვს, მაგრამ როცა ბავშვობის დროინდელი მეგობრები მხვდებიან, მეუბნებიან, - ყველაზე მავნე შენ იყავიო. ერთხელ, ერთ-ერთ კონკურსზე, საიდანღაც საქართველოს დროშა ჩამომიხსნია და შუა კონკურსზე შევვარდნილვარ...
სასწავლებლად ამერიკაში რომ წავედი, ძალიან შევიცვალე. ერთხელ სკოლიდან „შატალოზე“ 3 ათასი ბავშვი წავიყვანე, მაგრამ პოლიციამ დაგვიჭირა. თავს ბევრი რამ გადამხდენია...
შტატში ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვისაც სპეციალური მიკროავტობუსი აკითხავდა და მათემატიკის კურსების გასავლელად მიჰყავდა, რადგან სკოლის ყველა კურსი უკვე დამთავრებული მქონდა. არადა, საქართველოში მათემატიკაშიც და სხვა საგნებშიც მოვიკოჭლებდი.
3 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხელმოწერით, 3 დიპლომი ავიღე, შემდეგ საქართველოში დიპლომატიური აკადემია დავამთავრე - 4-წლიანი პროგრამა 2 წელიწადში გავიარე და ე.წ. წითელი დიპლომი მაქვს,“- ჰყვება გიგი გაჩეჩილაძე.
„გზა“