
ვახტანგ ფალიაშვილი-გორდელის განცხადებით, ის ამერიკაში ბროდვეიზე კოლეჯებში მასტერკლასებს ატარებდა.
სამშობლოში დაბრუნებულს კი თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება დაახვედრეს.
„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვითარება ძალიან არასტაბილური და არაჯანსაღია.
გასული წლის მაისიდან მქონდა ბედნიერება, მემუშავა ბაბუაჩემის სახელობის თეატრში, სადაც ვიყავი სარეკლამო მასალების გავრცელების კოორდინატორი საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული ანაზღაურებით, თუმცა ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი.
თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ბრძანებით შვებულებიდან დაბრუნებისთანავე შემიწყდა შრომითი ხელშეკრულება“, -განაცხადა ვახტანგ ფალიაშვილი-გორდელმა „პირველი რადიოსთან“.
მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია, მხატვარი მურვან მურვანიძე იმ მოტივით, რომ მთავარი მხატვრის ადგილი გაუქმებულია და დათხოვნილია სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩევლი, რეზო ჭეიშვილი.
„დავით კინწურაშვილმა თქვა, რომ ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, მინდა მუსიკალური განათლება ჰქონდესო.
ჭეიშვილს თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიები აქვს დამთავრებული. ეს მუსიკალური განათლება კინწურაშვილისთვის როგორც ჩანს არ არის", - განაცხადა ვახტანგ ფალიაშვილი-გორდელმა.
მისივე თქმით, მისი მიზანი არა სამსახურში დაბრუნება, არამედ საზოგადოების ინფორმირებაა, თუ რა ხდება ოპერისა და ბალეტის თეატრში.