
იურმალას მუსიკალურ კონკურსზე შესრულებულმა სომღერამ „In my dream“ ნუცა ბუზალაძეს გამარჯვება მოუტანა.
ბიბი კვაჭაძის ტექსტზე დაწერილი მუსიკა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის.
როგორც თავად კომპოზიტორი ამბობს, სიმღერა რამდენიმე წლის წინ დაიწერა.
„ჩემთან მოვიდნენ ნუცა, დედამისი და დეიდამისი, მთხოვეს, სიმღერა დამეწერა. ბავშვმა რომ იმღერა, მივხვდი, მისთვის როგორი ნამუშევარი უნდა შემექმნა. საერთოდ, ასეა ხოლმე, რომელი მომღერალიც (თავისი მონაცემებით) როგორ სიმღერას იმსახურებს, ისეთი გამომდის.
ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ნუცასთვის ასეთი კომპოზიცია დავინახე და დავუწერე...
ამ სიმღერას ნუცა არსად ასრულებდა, არც რადიოში მიუტანია, ასე დადო და როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ ისეთ დროს უნდა გაჟღერებულიყო, როცა ამის საჭიროება იქნებოდა...
დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ეს ნამუშევარი ფართო საზოგადოებას მოეწონა. პირველად არის, რომ კონკურსზე სიმღერა ყველამ 11 ქულით შეაფასა.
ეს ამბავი რომ გავიგე, ბათუმში, ჯაზფესტივალზე ვიყავი. ჩემი ყვირილი მგონი, მთელ ბათუმს ესმოდა... „ფეისბუქზე“ ადამიანებისგან იმდენად დადებითი ენერგია მოდის, რომ ვეღარ ვუძლებ...
ეს სევდიანი სიმღერაა. ჩემი ნამღერი ბევრად სევდიანი იქნება, ნუცა ხალასი ბავშვია და გაახალისა. ჩემს შესრულებულზე ყველას უტირია. მოკლედ, გააჩნია ადამიანს, ამ ბავშვმა მას ბედნიერება შეჰმატა...
პირველი სიმღერა ჯესი ჯეის რეპერტუარიდან იყო, რომელიც ნუცამ უნიკალურად შეასრულა. არ ვაჭარბებ, მგონი, ჯესიზე უკეთაც... ყვავილების ქვეყანაზე“ კი რა გითხრათ? არ ვარ კმაყოფილი. მან უკან დაგვწია, მაგრამ მერე ჩემმა სიმღერამ ამოგვქაჩა.
დიდ პატივს ვცემ ყველა მუსიკოსს, ვინც მის ახალ ვერსიაზე იმუშავა, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. აი, ახლა სანოც მეუბნება, ცუდი არჩევანი იყოო და მეც ვეთანხმები.
მაგრამ იურმალის საორგანიზაციო კომიტეტის დაკვეთა იყო, თუმცა უკეთ და სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო,“ - ამბობს მაია კაჭკაიშვილი.
ambebi.ge