
"TV პირველის" ტოქშოუების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.
"საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს... ყველამ, ვინც ამ გუნდს (საინფორმაციო სამსახურს) შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები".
გუშინ, პირველ მაისს "TV პირველის დირექტორმა", ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ჟიჟილაშვილის ნაცვლად საინფორმაციო სამსახურს ის თავად უხელმძღვანელებდა. ჟიჟილაშვილი ტოქშოუების მიმართულებით განაგრძობს მუშაობას.
ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თებერვლის ბოლო კვირაში გახდა. მისი ამ თანამდებობიდან წასვლა კი დროში ემთხვევა "TV პირველზე" მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის გადასვლას. როგორც ითქვა, ის არხის გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე დაინიშნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. "აფხაეთის ხმა" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.