-
2016-04-03 08:58
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები და აზერბაიჯანული მხარის განცხადება სიტუაციის დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სინამდვილეს არ ასახავს.
"შეტაკებები ისევ გრძელდება, ცეცხლი არ შეწყვეტილა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაციას მთლიანად მთიანი ყარაბაღის მხარე აკონტროლებს", - მოჰყავს BBC-ს რუსულ სამსახურს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვები. მანამდე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ერევანმა "ტოჩკა უ" და "სმერჩის" სარაკეტო კომპლექსები გადაისროლა. განსხვავებულია მონაცემები მსხვერპლის შესახებაც: სომხეთი უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა 100-ზე მეტი სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ და აცხადებს, რომ შეტაკებებში 18 სამხედრო პირი დაიღუპა, 35 კი დაიჭრა. ასევე, არიან დაჭრილები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობაში. ოფიციალური ბაქოს ცნობით კი, შეტაკებებში მათი 12 სამხედრო პირი დაიღუპა.
შეგახსენებთ, კონფლიქტი კავკასიის ამ რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც 1988 წელს, უმეტესად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 1992-94 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიანი ყარაბაღის და შვიდ რაიონზე. მთიანმა ყარაბაღმა ე.წ. "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" გამოაცხადა.
1994 წელს, მოსკოვის შუამდგომლობით ხელი მოეწერა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და შეიარაღებული ძალების დაშორიშორების შესახებ, რამაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, თუმცა, სიტუაცია მთლიანად გადავიდა რუსი სამხედროებისა და სომხური მხარის კონტროლქვეშ. პარალელურად, შეთანხმების მიუხედავად, ლოკალური მასშტაბის შეტაკებები მაინც ხდებოდა.
მშვიდობიანი მოლაპარაკება ჩიხში შევიდა 2009 წელს შემდგარი სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედრის შემდეგ. ბოლო 6 წლის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე გართულდა, თუმცა, ექსპერტების განცხადებით, 2016 წლის 2 აპრილის შეტაკებები ყველაზე მძიმე და მასშტაბური იყო ამ წლების განმავლობაში.
აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთმა და თურქმენეთმა. თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავითოღლიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაურეკა და სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა, ასევე, "პროვოკაციის აღკვეთის" წარმატებით განხორციელება მიულოცა. გაეროს, ევროკავშირის, ნატოს წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის და ევროპული ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.