-
2015-02-03 18:29
კიეველი ინსპექტორები, რომლებიც უკრაინის სახავტოინსპექციის შემადგენლობაში შედიან, რეფორმების დაწყებას და მათი სამსახურის გაუქმებას აპროტესტებენ. ინსპექტორთა ნაწილი "ვესტისთან" ჩივის, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გადახედავს, გამოძახებაზე გასვლასა და გზებზე მოძრაობის რეგულირებაზე უარს იტყვიან.
"გლავპოსტ.კომ" წერს, რომ ავტოინსპექტორთა ნაწილი ავაკოვის ბრძანებას აპროტესტებს, რომელმაც 40 ინსპექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის ბოლო დღეებში, ავტომაიდნის წევრებს დაუმსახურებელ ჯარიმებს უწერდნენ. ამავე დროს, ინსპექტორები აცხადებენ, რომ თუ სხვა სამსახურს არ შესთავაზებენ, სამსახურიდან არ წავლენ, ხოლო შსს-ს შენობის წინ მასობრივ მიტინგს გამართავენ. ისინი მასობრივი გაფიცვითაც იმუქრებიან:
"ჩვენ არ გავალთ გამოძახებაზე, არ გავაფორმებთ ავტოსაგზაო შემთხვევებს და უარს ვიტყვით გზებზე მოძრაობის დარეგულირებაზე. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ავადმყოფობის ბიულეტენს ავიღებთ. მერე რას იზამენ?", - კითხულობენ ინსპექტორები და ხაზს უსვამენ, რომ მათ სამსახურიდან ნებით წასვლის საშუალებას არ აძლევენ და ძალით ყრიან.
შეგახსენებთ, უკრაინაში სახელმწიფო ავტოინსპექციას ეტაპობრივად საპატრულო პოლიცია ჩაანაცვლებს. კონკურსი უკვე დაწყებულია. რეფორმა მას შემდეგ დაანონსდა, რაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დაინიშნა.