
განახლებულია 06:05 - არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის“ შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგის სტენოგრამაში შეცდომით გაიპარა.
მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელებული ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმა ოფიციალურად უარყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პირველმა პირმა კანონს ხელი მოაწერა, წყაროდ კი პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ჯენ ფსაკის სიტყვები იყო მოყვანილი, რაც სამწუხარო შეცდომა აღმოჩნდა ბრიფინგის სტენოგრაფისტების მხრიდან.
შეგახსენებთ, რუსეთი აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან „ღია კონფრონტაციის ტოლფასი ქმედება“ იქნებოდა.
კანონით გათვალისწინებული სამხედრო დახმარება უკრაინისადმი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, ასევე არტილერიის საწინააღმდეგო რადარებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მომარაგებას.
აღნიშნულ პუნქტში ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარით არის შეფასებული, რომელიც 2017 წლამდე უნდა გაიხარჯოს. ამ თანხის ფარგლებში 100 მილიონი 2015 წელს, ხოლო 125 მილონი 2016 და 2017 წლებში გამოიყოფა. ამავე კანონის მიხედვით, გაფართოვდება ინდივიდუალური სანქციების სია.
კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტით საქართველოსა და მოლდოვას ნატოს ბლოკის გარეთ აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორების სტატუსი მიენიჭებათ.