-
2014-12-07 10:30
1988 წლის 7 დეკემბერს, 10:41 წუთზე მოსკოვის დროით სომხეთში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც განსაკუთრებით ქალაქები სპიტაკი და ლენინაკანი დააზარალა.
მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლომდებარე ქალაქები ასევე იყვნენ სტეფანავანი და კიროვაკანი. მიწისძვრის შედეგად მთლიანად განადგურდა 18,5 ათასი ადამიანით დასახლებული ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი, 80%-ით განადგურდა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სომხეთში მეორე ქალაქი ლენინაკანი (ამჟამინდელი გიუმრი), ნაწიობრივ დაინგრა სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლანდელი ვანაძორი) და კიდევ 300 დასახლებული პუნქტი.
მიწისძვრამ 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 510 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. საერთო ჯამში, მიწისძვრამ მთელი ქვეყნის ტერიტორიის 40% მოიცვა. სტიქიური უბედურების ზონაში სულ 970.000 ადამიანი მოხვდა. ვინც გადარჩა, წარმოუდგენლად ცივი ზამთრის გადატანა მოუწია: იმ წელს სომხეთში ტემპერატურა ზოგჯერ -35 გრადუს ცელსიუსამდე ეცემოდა.
9 დეკემბრის 22 საათისთვის სომხეთში თბილისიდან ჩავიდა სამოქალაქო თავდაცვის სამხედრო ნაწილის პირველი ბატალიონი. 10 დეკემბერს, დილით, თბილისიდან ჩავიდა მექანიზირებული ბატალიონის მთელი შემადგენლობა, ისინი ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანადაც გაანაწილეს.
საერთაშორისო დახმარება 12 დეკემბრიდან დაიწყო. მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა სხვადასხვა სახის ნივთები და პირველი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო სახვევი მასალა და პრეპარატები გამოგზავნეს. შემოწირულობები მთელი მსოფლიოდან გროვდებოდა, რომ მიწისძვრისას უსახლკაროდ დარჩენილებს ნორმალურად გამოეზამთრათ.
სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განადგურდა ან ავარიულ მდგომარეობაში დარჩა სულ 210 ათასი სასწავლო დაწესებულება, 42 ათასი საბავშვო ბაღი, ჯანდაცვის 416 ობიექტი, ორი თეატრი, 14 მუზეუმი, 391 ბიბლიოთეკა, 42 კინოთეატრი, 349 კლუბი და კულტურის სახლი.
მწყობრიდან გამოვიდა 600 კმ საავტომობილო გზა, 10 კმ სარკინიგზო მონაკვეთი, 230 სამრეწველო ობიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა.



