-
2013-11-28 18:31
რამდენიმე წუთის წინ მიღებული ინფორმაციით, აბრების დამონტაჟების შემდეგ რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში უკვე მავთულხლართების მონტაჟზე გადავიდნენ.
ქარელის რაიონის შემდეგ, ოკუპანტების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამხელილი ინფორმაციით, ისინი უკვე საჩხერის რაიონში, ხოლო შემდეგ კი რაჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და მავთულხლართების ინსტალაციას იქაც დაიწყებენ.
ამ ქმედების მიზანია, სსრკ–ის დროს გამოცემულ რუკებში მითითებული "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" მთელ პერიმეტრზე მავთულხლართებით გაიმიჯნოს დანარჩენი საქართველოდან.
იმას, რომ ოკუპანტები მავთულხლართების გავლებაზე ხელს არ იღებენ, შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ამის შესახებ ქართული მხარე ოკუპანტებმა უკვე გააფრთხილეს.
„მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რაც ვიცით და ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის ცნობილია, რომ მავთულხლართების ინსტალაცია მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა გუშინ, „ტვ3“-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“.
წამყვანის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს პროცესი ცხინვალის რეგიონად წოდებული კონფლიქტის მთელ პერიმეტრს, საჩხერისა და ჯავის რაიონების ჩათვლით, დადებითად უპასუხა. ამასთან დავით სუჯაშვილის განცხადებით, რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია ვადები, როდის დასრულდება მავთულხლართების ინსტალაცია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ზომები ტარდება შსს-ს მიერ კონფლიქტის ზონაში, დავით სუჯაშვილმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური პატრულირება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.