
14 ივლისს, ე.წ. ეროვნული მარშის დღეს ჟურნალისტების ნაწილი საოკუპაციო ხაზთან გასვლას და მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებას გეგმავს. ამის შესახებ მოწოდებები "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა.
ინიციატორი გაზეთი "ქრონიკა პლუსია", თუმცა რედაქცია აცხადებს, რომ აქციის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ჟურნალისტებთან ერთად, მოქალაქეებსაც შეუძლიათ, პარტიული სიმპათიების მიუხედავად.
აქციის ფარგლებში დაგეგმილია თბილისიდან გასვლა ოკუპირებული შიდა ქართლის სოფლების მიმართულებით. გასვლის დრო და მარშრუტი დამატებით გამოქვეყნდება. როგორც ორგანიზატორები წერენ, საპროტესტო აქციის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებენ შსს-ს, ხოლო აქციის ყველა მონაწილე საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დაემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"ეს არ იქნება კონტრაქცია, ეს იქნება პრიორიტეტის ხაზგასმა. თბილისიდან გასვლის წინ მარშის მონაწილეებსაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ, გავამზადებთ ბანერებს, მარშრუტის შესახებ წინასწარ ჩავაყენებთ საქმის კურსში შსს-ს (ამისთვის ნებართვა არ გვჭირდება, უბრალოდ, ვატყობინებთ ჩვენს გეგმებს და ლოკაციის ადგილს).
ცხადია, საოკუპაციო ზოლზე აქციის ყველა მონაწილე დაემორჩილება პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ პროვოკაციის მოწყობა დაგვაბრალოს.
ეს არ არის ექსკლუზიურად "ქრონიკა პლუსის" აქცია, ამ შემთხვევაში ჩვენგან მხოლოდ ინიციატივა მოდის და რედაქცია 14 ივლისს მაინც გავა, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი შეუერთდება აქციას.
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს და მოქალაქეს, მიუხედავად პარტიული სიმპათიებისა და, ამავე დროს, ეს იქნება ერთგვარი ტესტიც - რა არის პრიორიტეტი ქართული მედიისთვის და ჟურნალისტებისთვის - იმის მიხედვით, თუ ვინ რა დროს დაუთმობს და საინფორმაციოს რომელ ბლოკში განათავსებს ინფორმაციას აქციის შესახებ.
არავითარი ბანერების მოგლეჯა და ღობეების მონგრევა დაგეგმილი არ არის - ეს იქნება მშვიდობიანი, არააგრესიული საპროტესტო აქცია, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაპროტესტებთ მცოცავ ანექსიას. ჟურნალისტები, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ამიტომ ჩვენს ნაბიჯებს განაპირობებს ქვეყანაში შექმნილი ფაქტობრივი სიტუაცია, რაც უარყოფს იმას, რომ ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში.
ვფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა, როცა საყოველთაოდ აღიარებული დამოუკიდებელი მედიის პრინციპები არ ეწინააღმდეგება იმ ქვეყნის ჟურნალისტების პოლიტიკურ პროტესტს, რომლებსაც ოკუპირებულ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება და მუშაობა.
დიახ, ვფიქრობთ, რომ სწორედ ასე და უფრო მძაფრად მოიქცეოდა ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი თუ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ჟურნალისტი, მის ქვეყანაში რომ იგივე სიტუაცია იყოს, რაც საქართველოშია", - წერს აქციის ინიციატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
შეგახსენებთ, ჟურნალისტებმა მცოცავი ოკუპაცია 2013 წლის სექტემბერშიც გააპროტესტეს. მაშინ აქციაში მონაწილეობა ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო.
2015 წლის 14 ივლისს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად სოფელ ხურვალეთში გააპროტესტეს მცოცავი ანექსია და ახლადდამონტაჟებული ე.წ. ბანერიც მოხსნეს.