
"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი საქართველოს მიერ რუსეთისთვის გიორგი ცერცვაძის პერსონალური მონაცემების გადაცემის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ არის რუსეთის საგამოძიებო ორგანოებთან საქართველოს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა.
მალხაზ ველიჯანაშვილი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ახალ მიმართვასაც ავრცელებს, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს გიორგი ცერცვაძეს:
"საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღიარა ოკუპანტებთან თანამშრომლობა და გაწირა კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინის მთავრობა და უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს, რომ გია ცერცვაძე მტერს ჩააბაროს!", - ნათქვამია მეგის ქარდავას განცხადებაში.
"აფხაზეთის ხმა" მალხაზ ველიჯანაშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ რუსეთთან საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლობა ერთობლივი გამოძიების მიზნით, ასევე რუსეთისთვის თავისი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გადაცემა პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უბრალოდ, ცრუობს, როცა ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე ოკუპანტ ქვეყანას ხელი არ მიუწვდება.
შეგახსენებთ, დღეს თეა წულუკიანი გიორგი ცერცვაძის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის პირად მონაცემებზე ხელი არავის მიუწვდება და არც არავისთვის გადაუციათ: "არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქის თუ უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახება, ოკუპანტ ქვეყანას ხელი არ მიუწვდება", - თქვა თეა წულუკიანმა.
ამასთან დაკავშირებით მალხაზ ველიჯანაშვილი ის 2016 წლის აპრილში საქართველოს პროკურატურის მიერ მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენებას იხსენებს და ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქის, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის გამოძიებაში, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ქართული მხარეც ჩაერთო.
ადვოკატის თქმით, ქართულმა მხარემ თავად მიიღო რუსეთის მხრიდან გადმოგზავნილი მასალები და ასევე, მას გადასცა ყველანაირი მონაცემები მეგის ქარდავასა და სხვა ბრალდებულების შესახებ.
მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რუსეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიების უფლება, როცა მოკლული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომან დუმბაძე კი რუსეთის მოქალაქე იყო:
"ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი იქნება შენი ქვეყნის მოქალაქე და იქ თუ ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. იქ როცა გამოძიება მიმდინარეობს, პასუხისგებაში ჰყავთ მიცემული ხალხი. ის, რომ რომან დუმბაძე რუსეთის მოქალაქე იყო, ნიშნავს, რომ ჩვენს პროკურატურას სამართლებრივადაც არ ჰქონდა უფლება, ეს დანაშაული გამოეძიებინა, მან კი მომხდარი ფაქტი მეგის ქარდავას საწინააღმდეგოდ გამოიყენა. აბსურდია, თითქოს მეგის ქარდავამ რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის გამო მოკლა" - უთხრა "აფხაზეთის ხმას" მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომან დუმბაძემ 2004 წელს, აჭარაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გავრცელებამდე განაცხადა, რომ ის ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდა და არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ამავდროულად, ის შემჩნეული იყო რუსი სამხედროების ზედამხედველობის ქვეშ ე.წ. ზონდერ-ბრიგადების შექმნაში, რომელთა მიზანს აწარაში დაწყებული საპროტესტო მუხტის განეიტრალება ევალებოდა. მოგვიანებით ის დააკავეს, გაასამართლეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რომან დუმბაძის გათავისუფლება გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა, რის შემდეგაც ის ტყვედ აყვანილ ქართველ ჯარისკაცებში გაცვალეს.
რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლევო-უსპენსკის ავტობანზე, 2012 წლის 21 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მოგვიანებით რუსმა სამართალდამცველებმა მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, საქართველოს პროკურატურამ კი ბრალი მეგის ქარდავას დაუსწრებლად წაუყენა.
ლაშა ბერულავა