რუსეთ-საქართველოს ომში მოკლული ტანკისტის მშობლები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ

Image

„არგუმენტი.რუ“ აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ზემო ნიქოზში მოკლული რუსი ლეიტენანტის მიხეილ მოლჩანის ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ. 

 

„რუსეთის 58-ე არმიის 693-ე მოტომსროლელი პოლკის სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის № 321, Т-72 ტიპის ტანკის ეკიპაჟის მშობლებს არ სჯერათ, რომ მათი შვილები დაღუპულები არიან. ეკიპაჟის წევრები ოფიციალურად გამოაცხადეს 2008 წლის 12 აგვისტოს დაღუპულებად, როგორც მიხვდებოდით - ისინი საქართველოში დაიღუპნენ.

 

მშობლები ვაჟიშვილებს ამ დრომდე ელოდებიან სახლში და სჯერათ, რომ თავდაცვის სამინისტროს რაღაც შეეშალა.

 

ერთერთი დაღუპული ოკუპანტის - ჩელიაბინსკელი ლეიტენანტის მიხეილ მოლჩანის მშობლები აპირებენ, დამოუკიდებლად ჩავიდნენ საქართველოში, სოფელ ზემო ნიქოზში და იქ იპოვონ იმ შეტაკების თვითმხილველები“, - წერს სტატიის ავტორი.  

 

მისი თქმით, ოფიციალურ ცნობაში დაღუპვის შესახებ წერია, რომ მიხეილ მოლჩანი „დაიღუპა 2008 წლის 12 აგვისტოს, საბრძოლო დავალების შესრულებისას, როცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იცავდა“.

 

 

TANK2.jpg

 

 

მოკლული ოკუპანტების მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტანკი არა 12, არამედ 11 აგვისტოს ააფეთქეს, რა დროსაც დაიღუპნენ თავად მოლჩანი, ასევე ახალწვეულები - დიმიტრი ბურდენკო და მაქსიმ პასკო. მათი სხეული ისე დაიწვა, რომ ამოცნობა შეუძლებელი გახდა. ამოსაცნობად ძვლოვანი ფრაგმენტების გენეტიკური ექსპერტიზა გახდა საჭირო.

 

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს „ინტერფაქსი“ იტყობინებოდა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს ცალკეული საინფორმაციო საშუალებების ცნობა იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთში კონტრაქტორ სამხედრო პირებთან ერთად ახალწვეულებიც იბრძვიან. ამ განცხადების შემდეგ, ცხადია, 18-19 წლის ბიჭების მშობლებს არა აქვთ მეთაურთა გულახდილობის იმედი.

 

რასაკვირველია, მეთაურებს დასამალი ბევრი აქვთ და ისინი თავს არიდებენ, ვთქვათ, ლოგიკურ შეკითხვას იმის თაობაზე, ვინ გაგზავნა ტანკი მტრის ზურგის სიღრმეში ისე, რომ ხელთ არ ჰქონდა დაზვერვის მონაცემები, ხოლო სვლა არ იყო მხარდაჭერილი ავიაციის მხრიდან?

 

რატომ შევიდნენ მოწინააღმდეგის სოფელში ტანკით ჯავშანტექნიკისთვის მოწყვლადი და საშიში წყობით, ნელი სვლით? იყო კი დაგეგმილი საერთოდ, კოლონის შესვლა ზემო ნიქოზში თუ რუსები იქ შეცდომით მოხვდნენ იმიტომ, რომ სხვა გზაზე გადაუხვიეს?

 

სინამდვილეში რუსეთის არმიის კოლონა რამდენიმე კილომეტრზე იყო გაჭიმული. ავანგარდში მყოფი ფსკოველი მედესანტეებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა 693-ე პოლკის ქვეითთა თავს, ქვეითები კი ვერ ხედავდნენ ვერც მედესანტეებს, ვერც უკან მყოფ ბატალიონ „ვოსტოკის“ წევრებს.

 

რატომღაც, ჯავშანტექნიკის კოლონა შენიღბვის გარეშე დარჩა. როგორც შესწავლილი პუბლიკაციებიდან ჩანს, რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე უშიშრად გადაადგილდებოდნენ, თითქოსდა თავიანთ სამშობლოში ყოფილიყვნენ.

 

 

TANK1.jpg

 

 

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ქართველმა სამხედროებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო: გრძელი კოლონა სოფელში შეუშვეს და შუაში დაარტყეს, ამისთვის კი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები („პტურს“) და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს: ერთი ტანკი, ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ერთი „ურალი“ დაწვეს. კოლონის წინა ნაწილმა გორის მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა, ხოლო სოფელში დარჩენილთა დამუშავება ქართულმა არტილერიამ დაიწყო.

 

რუსეთის გმირის სულიმ იამადაევის ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“ ცეცხლის ქვეშ გადაადგილდებოდა სოფელში და აფეთქებულ ტანკამდე მიაღწია. სტატიაში აღნიშნულია, რომ იქ ქართველი სამხედრო პირი გაანადგურეს, რომელიც არტილერიას ზუსტ კოორდინატებს აწვდიდა, რის შემდეგაც მიზანმიმართული დაბომბვა შეწყდა. ბრძოლის ველთან მისულებმა კი ალმოდებული ტანკი აღმოაჩინეს.

 

რამდენიმე წამში ტანკში არსებული საბრძოლო მასალები აფეთქდა და ტანკის კოშკურა გვერდით, ორი მეტრის სიშორეზე გადავარდა. თვითმხილველი რუსი ოფიცერი ჰყვება, რომ მოტომსროლელები ალმოდებული ტანკიდან 200 მეტრში გამაგრდნენ. საღამოსკენ მოტომსროლელთა ბატალიონმა მთელი სოფელი მოაქცია ალყაში. დილის 6 საათისთვის მეხუთე ასეულის მეთაური, ლეიტენანტი ოდინცოვი მებრძოლებთან ერთად მიუახლოვდა აფეთქებულ ტანკს, სადაც დაღუპულთა ცხედრების ნაწილები მოაგროვა. ცხედრები დამწვარი იყო. 9 საათზე კი კოლონამ გორის მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა.

 

როგორც ცნობილი გახდა, ლეიტენანტ მოლჩანის ტანკის წინ მოძრაობდა ჩელიაბინსკელი, 21 წლის ანდრეი მედოვიკოვის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. საარტილერიო ცეცხლის დროს მან მოასწრო აფეთქებული მანქანიდან გადმოსვლა.

 

მოტომსროლელები ალყიდან გაიყვანეს და ვერტმფრენებით ცხინვალში გადაიყვანეს, სამ დღეში კი ისინი მოკლულთა ცხედრების გადასატანად დაბრუნდნენ.                                                                                                                                                       

 

მხოლოდ ჩვენი პოლკიდან ცხრა ადამიანი დაიღუპა“, - უთხრა ანდრეიმ კორესპონდენტ ანა კატკოვას. – „სამი დღის შემდეგ წავიყვანეთ მოლჩანის ცხედარი, ტანკის კოშკურის ქვეშ იყო“.

 

 

TANK.jpg

 

 

შემდეგ იყო გაუგებარი და აუხსნელი ზარები და შეტყობინებები იმ მობილური ტელეფონებიდან, რომლებიც ტანკში დამწვარ მებრძოლებს ეკუთვნოდათ. ყოველ შემთხვევაში, მოლჩანმა-მამამ რამდენჯერმე ანგარიშიც შეავსო, ფულის ჩარიცხვით, რადგან სჯეროდა, რომ მისი შვილი ან ტყვედაა ჩავარდნილი, ან იმალება და არ შეუძლია, ეს თვითონ გააკეთოს...

 

საიდან მოხვდა მობილური ტელეფონები სხვების ხელში და ვინ იყვნენ ეს სხვები? როგორ გადაურჩნენ ხანძარს და აფეთქებას, როცა ჯარისკაცების ცხედრები ვერც კი ამოიცნეს?

 

ვინ სარგებლობდა ამ ტელეფონებით მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები ოფიციალურად გამოცხადდნენ დაღუპულებად? ამ შეკითხვებზე პასუხი მოკლული ოკუპანტების ოჯახის წევრებს არა აქვთ და რადგან უმაღლეს სამხედრო ინსტანციებში, მათ შორის, უმაღლეს მთავარსარდალთან წერილების გაგზავნით უკვე დაიღალნენ, ახლა აპირებენ, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვონ დახმარება, რათა ალყისა და შეტაკების ადგილამდე მიაღწიონ და ადგილობრივები გამოკითხონ, რომლებიც, შესაძლოა, ამ ბრძოლის თვითმხილველებიც კი არიან...

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !