-
2014-12-23 08:50
ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. პარტნიორობის შეთანხმება 2015 წლის იანვრის ბოლომდე სრული სახით იქნება მზად, - ამის შესახებ ცხინვალში ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.
ოკუპირებული ცხინვალის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა დოკუმენტში უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პუნქტებს.
დოკუმენტთან ერთად რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალს ფინანსურ დახმარებასაც პირდება. სურკოვის თქმით, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი ხელს ვერ შეუშლის იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც თავის თავზე მოსკოვმა აიღო ცხინვალის, როგორც "სტრატეგიული პარტნიორის" მიმართ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალსა და მოსკოვს შორის დაწყებულ ამ ინტენსიურ თანამშრომლობას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა:
სამინისტროს განმარტებით, ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტი ითვალისწინებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ისეთი უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, როგორიცაა: შეთანხმებული "შიდა" და "საგარეო" პოლიტიკის განხორციელება; რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ე.წ. "საზღვრის" დაცვა;
ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების" რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და ფედერალური უშიშროების სამსახურების სისტემის შემადგენელ ნაწილად ფორმირება; ე.წ. "რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე" არსებული საბაჟო- გამშვები პუნქტების გაუქმება და პირთა თავისუფალი გადაადგილება;
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის საბაჟო ორგანოების რუსეთის ფედერაციის საბაჟო სტრუქტურებთან შერწყმა, შესაბამისად, ამ სფეროში ყველა უფლებამოსილების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემა; რუსეთისათვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სფეროებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, ასევე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" "კანონმდებლობის" რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან უნიფიცირება ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. ამ ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს ცხინვალის რეგიონის ანექსია.
ე.წ. "ხელშეკრულების" პროექტით განსაზღვრული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა: სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვეობა, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება", - აცხადებენ სამინისტროში.
"რუსთავი-2"