-
2013-11-13 14:07
გეგუთის #14-ე დაწესებულების 300-მდე პატიმარი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს. აღნიშნულ მსჯავრდებულებს ამნისტია ნაწილობრივ შეეხოთ. ამიტომ, ისინი შეხვედრას დეპუტატებთან ითხოვენ.
პატომრებმა, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს წერილი გაუგზავნეს. ისინი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან. მსჯავრდებულების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
„თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ვაპირებთ ისეთი ზომების მიღებას, რაც ჯერ არ მომხდარა პენიტენციალურ სისტემაში, ეს იქნება გადაკერვები, თითის მოჭრები და ასე შემდეგ, ამას მთელი ქვეყანა გაიგებს, იგივეს გააკეთებენ გარეთ ჩვენი ოჯახის წევრებიც. იქნება გამოსვლები პარლამენტთან და საელჩოებთანაც“, - აცხადებენ პატიმრები.
აღნიშნულ ფაქტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა:
„260-ე მუხლი ყველას მოეხსნა, 262-ე მუხლი შეუმცირდათ მეოთხედით, მათი მოთხოვნა იყო, რომ 262-საც შეხებოდა და მიაჩნდათ, რომ არალოგიკურია 262-ეს დატოვება, თუ 260-ე მოეხსნათ. ამნისტიის კანონით ასე გადაწყდა. მსურს დავარწმუნო ყველა პატიმარი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რაღაც უკიდურესი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ ყურადღება მიიპყრონ, ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და ადამიანი, რომელიც ასეთ ქმედებებს მიმართავს, შესაძლოა უფრო უარყოფით კონტექსტში იყოს განხილული“, - განაცხადა ფოფხაძემ.