
ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი, 33 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბატუმსკი" უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან თბილისში იძულებით გაამგზავრეს.
უკრაინის შსს-ს მიერ სამშაბათს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინდია გორაძის დეპორტაცია შესაძლებელი გახდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ. კრიმინალურ ავტორიტეტს 2017 წლამდე აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა.
შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე და მისი ორი "კოლეგა" უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში, კიევის ერთერთ ფეშენებელურ რესტორანში ვახშმობის დროს დააკავეს.
ინფორმაცია თბილისში "კანონიერი ქურდის" ჩამოსვლისა და მისი დაკავების შესახებ, რაც უნდა მოჰყოლოდა გორაძის გამოჩენას საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს შსს-ს მიერ არ გავრცელებულა. ამ დროისთვის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლი ბატუმსკის" ადგილსამყოფელი უცნობია.