
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კაჭრეთში, ტრენინგზე მყოფი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელო გიორგი პატიაშვილი თავისივე სატაბელო იარაღით დაიჭრა. მას დუნდულის ზედა კიდეზე ორი ტყვია მოხვდა.
ტრენინგი სასტუმრო "ამბასადორში" ტარდებოდა. მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"დაზარალებულს ჭრილობა მარჯვენა დუნდულის ზედა კიდეზე ჰქონდა მიყენებული. სირბილეში იყო ორი უცხო სხეული - ტყვია. აქედან მხოლოდ ერთი უცხო სხეულის გამოღება მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს დაიჭრა“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ღვინიაშვილმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიაშვილი თანამშრომლებთან ერთად სასტუმრო „ამბასადორში“ ტრენინგზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მათთან ერთად ბუნებაში საქეიფოდ წავიდა. მათივე ცნობით, მანქანაში პატიაშვილს ჯიბიდან იარაღი ამოუვარდა, მეგობარმა კი მიწოდება სცადა, რა დროსაც შემთხვევით გასროლა მოხდა.