
ყაჩაღობის მორიგი ფაქტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში: 84 წლის მოხუცს შეიარაღებული პირი სახლში მიუვარდა და ფული მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხუცმა 150 დოლარი მისცა და უთხრა, რომ მეტი არაფერი გააჩნია, სასტიკად სცემა.
„აფხაზეთის ხმისთვის“ მომხდარის დეტალები გახდა ცნობილი: 3 ნოემბერს მოხუცი მამაკაცი შვილიშვილის ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა და ამისთვის 150 აშშ დოლარი ჰქონდა მოგროვილი. მას შემდეგ, რაც სახლის უკანა შესასვლელიდან დაახლოებით ღამის 12 საათზე შეიარაღებული პირი შეუვარდა და ფული მოსთხოვა, მოხუცმა მას გადანახული ფული მისცა, თუმცა, თავდამსხმელმა ოქროულობაც მოითხოვა.
მას შემდეგ, რაც სახლის პატრონმა თავდამსხმელს უთხრა, რომ ძვირფასეულობა არ გააჩნდა, ამ უკანასკნელმა ის სასტიკად სცემა და თავი რკინის მოაჯირზე არტყმევინა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხუცმა გონება დაკარგა, მიიმალა.
გონს მოსვლის შემდეგ სასტიკად ნაცემმა მოხუცმა მიწაზე ხოხვით მიაღწია მეზობლის სახლამდე და მას დახმარება სთხოვა. დაზარალებული ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. მოხუცი, რომელსაც მეუღლე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, სოფელში მარტო ცხოვრობდა, შვილებს კი ქალაქში გადასვლაზე უარს იმ მიზეზით ეუბნებოდა, რომ სახლ-კარს ვერ მიატოვებდა.