
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები ხელწერილით არ გაათავისუფლეს და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გვიან ღამით მათთან ადვოკატები შეუშვეს.
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, სადაც გაირკვევა, რას მოითხოვს ბრალდება. დაკავებულთა შორისაა "ტაბულის" ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შსს-ს შენობასთან ღამით ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გიორგაძის დაკავების დროს კარგად იცოდნენ, ის რომ "ტაბულის" თანამშრომელი იყო.
დაკავებულია ადვოკატი რომეო საჯაია, დაკავებულთა შორის არიან "თავისუფალი ზონის" წევრები, მათგან ერთი გოგონა - სალი მახარაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია სულ 5 ადამიანი, რომლებსაც, ძირითადად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.