
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები, რა დროსაც ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, შემთხვევა 15 ოქტომბერს მოხდა: ჯავის ქუჩაზე, ერთერთ „ბირჟაზე“ მდგარი 5 ახალგაზრდის წინ მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, იქედან კი შეკრებილების მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. იმ პირის ინფორმაციით, რომელიც თავად შეესწრო ფაქტს, თავდამსხმელმა არც ეს იკმარა, მანქანა დაძრა და შეკრებილებისკენ დიდი სიჩქარით გაემართა.
შეკრებილები გაიფანტნენ, ხოლო თავდამსხმელის მანაქანა ადგილიდან გაუჩინარდა. მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა: მას ტყვია ფეხსა და მუცელში მოხვდა.
როგორც „აფხაზეთის ხმის“ წყარო ამბობს, მომხდარი ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაწყებული გარჩევის გაგრძელება იყო, თუმცა, დაჭრილი პირი საერთოდ არაფერ შუაშია - ის თავდამსხმელს ან ვიღაცაში აერია, ან ორივე ტყვია შემთხვევითი დამიზნების პრინციპით მოხვდა: ის, ვინც წინადღეების გარჩევებში ფიგურირებდა, იმ დღეს ქუჩაში შეკრებილებთან ერთად არ იდგა.
ლადო ბ.-ავა, რომელმაც ჯავის ქუჩაზე რამდენჯერმე გაისროლა და ერთი ადამიანი დაჭრა, ამ დრომდე მიმალვაშია. ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოცხადდა თუ არა იგი ძებნილად ან ითვლება თუ არა ეჭვმიტანილად მამაკაცის დაჭრაში.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, გამორიცხული არაა, ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვეს, რადგან ჯავის ქუჩის უბნელები ლადო ბ.-ავას მიმართ ანგარიშსწორებით იმუქრებიან. ინციდენტის თვითმხილველი ამბობს, რომ ლადო ბ.-ავა ნაძალადევში მოქმედი ერთერთი ეკლესიის წინამძღვრის სიძეა, რომელსაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავს და ყველა ზომას მიმართავს, რათა ის არ დააკავონ.
მომხდარი ფაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია შსს-ს. თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელი უბანში საკმაოდ ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტია“, რომელიც ერთხელ უკვე არის ნასამართლევი: წინა ხელისუფლების დროს ის პოლიციამ დაჭრის ფაქტის გამო დააკავა: ახალგაზრდა, რომელიც მაშინ ამ პირმა დაჭრა, გადარჩა, თუმცა, შეზღუდული შესაძლობების პირის ეტლსაა მიჯაჭვული - ჭრილობა მან გულთან ახლოს მიიღო.
„აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, მას მომხდარი ფაქტისა და დეტალების შესახებ აცნობა და დაინტერესდა, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით. პრესსამსახური ინფორმაციის მოძიებასა და შეხმიანებას დაგვპირდა, თუმცა საქმის შესახებ დეტალებით არ დაგვკავშირებია.