
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ლევან ბუღაშვილი 10-დღიანი ტყვეობის შემდეგ ოჯახს პირველად დაუკავშირდა.
სოხუმის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქე ყვება, რომ ციხეში მათ საკვებს არ აძლევენ და უმძიმეს პირობებში ამყოფებენ.
ლევან ბუღაშვილის მეუღლის ინფორმაციით, დაკავებულებს არც ადვოკატების ყოლის საშუალება აქვთ.
„ამ ხნის განმავლობაში დღეს პირველად დამიკავშირდა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემები არ აქვთ. უბრალოდ, როგორც მითხრა, კვების პრობლემა აქვთ, საკვები არ აქვთ,“ - აცხადებს დაკავებულის მეუღლე მზია დუმბაძე და ხელისუფლებას მისი ქმრის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.
ხონის მუნიციპალიტეტის ორი მკვიდრი ენგურის ხიდზე გადასვლის დროს 5 ოქტომბერს დააკავეს. ისინი გალის რაიონში თხილს კრეფდნენ. დაკავებულებს სოხუმის იზოლატორში, სავარაუდოდ, კიდევ ორ თვეს გააჩერებენ.