
ანგარებით ადამიანის მძევლად ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ორი კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია. მათ 19 წლის იოსებ გიორხელიძე ოთხი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული და ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ.
იოსებ გიორხელიძე წყალტუბოში ცხოვრობს და „ვითიბი ბანკის“ თანამშრომელია, მაგრამ მისი გატაცება თბილისი ბინიდან მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ორმა პირმა ბინაში მოტყუებით შეაღწია და იარაღის მუქარით გაიტაცა გიორხელიძე, ხოლო გატაცებულის მამას მოგვიანებით დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 300 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს.
გამტაცებლებს გიორხელიძე საგურამოში ჰყავდათ გატაცებული, თუმცა, „კურიერის“ ცნობით, სამართალდამცველები, რომლებსაც გატაცებულის მამამ მიმართა, სამი დღის განმავლობაში მას ლისის ტბის მიდამოებში ეძებდნენ.
საბოლოოდ სპეცოპერაცია საგურამოსთან, ტყეში ჩატარდა და იოსებ გიორხელიძე უვნებლად გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, გატაცებულის ოჯახის წევრებმა გამტაცებლები დაგეგმილ შეხვედრაზე დაიბარეს და ოპერატიული სამსახურების ზედამხედველობით გადასცეს თანხა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი, სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი ჯემალ შონია, ასევე ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი.