საინტერესო, საეჭვო და ურთიერთგამომრიცხავი დეტალები ბარბარე რაფალიანცის საქმეში

Image

10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე საქმე კვლავაც ბურუსითაა მოცული. ჯერაც არ არის გარკვეული, რა მოხდა იმ დღეს, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში და ვინ იყო დამნაშავე მომხდარში.

 

"კახეთის საინფორმაციო ცენტრმა", რომლის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი კოლაგში მომხდარი ტრაგედიის დროს ერთერთი პირველი მივიდა ადგილზე, ტრაგედიას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ურთიერთგამომრიცხავი დეტალები, ძირითადად, ბარბარე რაფალიანცის დედის ჩვენებებში და კომენტარებში აღმოაჩინა. 

 

ამას გარდა, არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც, მინიმუმ, საინტერესოა. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფრაგმენტებს "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული წერილიდან:

 

"ბარბარე რაფალიანცის საქმეს ჯერ გურჯაანის პოლიცია, შემდეგ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა. საქმე ამჟამადაც შსს–ს წარმოებაშია. გამომძიებლები, რომლებიც 2012–2013 წლებში ამ საქმეს იძიებდნენ, გამოძიებას ჩამოაშორეს. შს სამინისტროს ამაზე განმარტება არ გაუკეთებია.

 

გამოძიების პროცესში ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები სიცრუის დეტექტორზეც შეამოწმეს, რის შემდეგაც ფსიქოლოგიური ტესტის შემოწმებაც მოხდა. „შს სამინისტროში სიცრუის დეტექტორზე რომ მიგვაერთეს, პირდაპირ გვეკითხებოდნენ, თქვენ მოკალით, თქვენ ჩააგდეთ ბავშვი ქვევრშიო?“ – აღნიშნა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დეიდამ დალი მექერიშვილმა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემოწმების შედეგები საქმის გამომძიებლებმა მაშინ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გააცნეს. ღარიბაშვილმა აღნიშნულის შესახებ პრემიერს მოახსენა. ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 4 სექტემბერს განაცხადა: „მე ვესაუბრე შს მინისტრს და ბავშვის დაღუპვის საქმის გახსნა ძალიან რთულად არის. მე ვერ გავიმეორებ იმას, რაც მინისტრმა მითხრა, რთულადაა“.

 

ირაკლი ღარიბაშვილის დაპირების მიუხედავად, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, „დაახლოებით 2–3 კვირაში რეალური სურათი იქნებოდა“, „გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდებოდა“, საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

 

„ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ „ქართული ოცნება“ სკამებისთვის იბრძოდა. წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და საქმე გამოუძიებელია“, – ეს განცხადება ბარბარე რაფალიანცის მამამ პავლე რაფალიანცმა 2014 წლის 6 აგვისტოს გააკეთა.

 

13 აგვისტოს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც რაფალიანცების ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი ამბობს, რომ „ბარბარე რაფალიანცის ლიკვიდაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაგეგმეს“.მოგვიანებით ადვოკატმა განმარტა, რომმას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ და რომ არ გაეკეთებინა ეს განცხადება, მოკლავდნენ. მისივე თქმით, შსს–მ ამაზე გამოძიება დაიწყო.

 

2014 წლის 18 სექტემბერს, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად 25 დღე ჰქონდა, მაგრამ არაფერი გააკეთეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი გამოძიება უკვე „ჩიხში იყო შესული“.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის 2012 წლის 3 ოქტომბერს, მკვლელობიდან მესამე დღეს მიცემულ ინტერვიუში, გოგონას დედა თათია მექერიშვილი ამბობს, რომ ბავშვი მარანში, წყლით სავსე ქვევრში პირველად მან ნახა.

„ბავშვს რომ ვაჭამე, ავედი მაღლა, კარებიც ჩავკეტე და კარიც თოკით დავკეტე. 5 წუთში ძაღლების ხმა მოისმა და დაბლა რომ ჩავედი, ყველაფერი გადმოყირავებული იყო, ლოგინი, ფარდები ჩამოწყვეტილი და ბავშვი აღარ იყო. როგორც თქვეს, მოიტაცესო, ზოგი იძახდა აბრუნებენო, ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. რომ ვეძებდით, მარნის კარი იყო ღია. დილით მე დავაფარე ქვევრს დიდი ლოდი, ზუსტად ვიცი და დავინახე, რომ ახდილი იყო, ეტყობა დედის ინსტიქტმა მიმიყვანა, რომ ჩემი შვილი იქ მკვდარი იწვა. მივედი და რას ვხედავ, ჩემი შვილი ამოტრიალებული გდია და თან მუჭები ჩაბღუჯული აქვს“.

 

2013 წლის 29 სექტემბერს, ბავშვის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში თათია მექერიშვილი საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა.

„მე მარანში აღმოვჩნდი მას შემდეგ, რაც ხმა გავიგე, ბავშვს გარეთ ნუ ეძებთ, ქვევრში ნახეთო. ვინ შევიდა მარანში პირველი, არვიცი. მე არ შევსულვარ. მე ხალხს შევყევი. მალევე გამიყვანეს გარეთ, პოლიციაც მოვიდა მემგონი მაგ დროს და კვალი არ წაიშალოს, გაიყვანეთ გარეთო“.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მეოთხე ადამიანი იყო, რომელიც მარანში შევიდა. გელა ამბობს: „ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა, ეზოს გარეთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყო. ვიღაცამ დაიძახა, ბავშვი ქვევრშიაო. ამის თქმა იყო და სოსო ბერიკაშვილი მარანში შევიდა, მას თან კიდევ 2 თუ 3 მამაკაცი ახლდა, მეზობლები ჩანდნენ. მეც მათ შევყევი. თავდაპირველად ჩვენს გარდა მარანში არავინ იყო. ბავშვის მამა, ოჯახის წევრები, მეზობლები და დედა შემდეგ შემოვიდნენ. კარგად მახსოვს, როცა ხმა გავიგე, „ბავშვი ქვევრშიაო“, იმ დროს, პოლიციის თანამშრომლები ბავშვს ბოსტნის მხარეს ეძებდნენ. დედაც ეზოში იყო და ტიროდა. ის მარანში ჩვენს შემდეგ შემოვიდა“.

 

ვერსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა, ხოხვით ქვევრამდე მივიდა და შიგ ჩავარდა, უსაფუძვლოა რამდენიმე მიზეზის გამო:

ბავშვმა სიარული არ იცოდა;

საწოლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში მარნამდე მისაღწევად 2 კარი უნდა გაევლო, ორივე კარი დახურული იყო;

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში დედა, თათია მექერიშვილი აცხადებს: „დილით მე დავაფარე ქვევრს დიდი ლოდი“. ქვა ქვევრს თითქმის მთლიანად ფარავდა;

10 თვის ბავშვი ქვევრს ქვას ვერ გადახდიდა.

 

მომხდარიდან ორი წლის შემდეგ ეს ფაქტი ჯერაც გამოუძიებელია. 

 

ფოტოზე: კადრი "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ვიდეოდან - მანანა ბერიკაშვილი საწოლს ასწორებს. ამ მომენტისთვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი ნაპოვნი არ არის. 

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !