
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა, როცა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ზაზა დავითაიას ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭკადუას, ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.
ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).