
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს სტატუსს, სადაც ახალი ხელისუფლების პირობებში სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიებაში გაჩენილი დეტალებისა და დავით ქოქიაშვილის ჩართულობაზე წერს.
„გუშინ, შემთხვევით რადიოში მოვისმინე: გირგვლიანის საქმეზე პროცესი გადაიდოო და ა.შ.
აქედან გამომდინარე ბუნებრივად დავინტერესდი, ახალი ხელისუფლების პირობებში გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლოთი და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე.
უპირველეს ყოვლისა, ინტერესს იწვევს ის, თუ ზოგადად რა ახალი გარემოებები დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც „ქართული ოცნების" მხრიდან მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო; რა ახალი გარემოებები დაადგინა გამოძიებამ იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ხოლო აღნიშნულ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია.
ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება გაიგოთ რა ხდება ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
მხოლოდ ფაქტები:
# მიუხედავად მრავალწლიანი პიარისა, დღევანდელმა გამოძიებამ მელნიკოვის ყოფნა ოქროყანის სასაფლაოზე ვერ დაადასტურა.
# ვერ დადასტურდა სანდრო გირგვლინის წამების და მკვლელობის ფაქტი. აღნიშნული კვალიფიკაცია დღევანდელი გამოძიების მიერვე იქნა მოხსნილი.
# როგორც დღევანდელი გამოძიებით ირკვევა, ოქროყანის სასაფლაოზე არ ყოფილა არც 8 და არც 12 ადამიანი.
# სამაგიეროდ, დადგინდა, რომ ოქროყანაში ყოფილა მეხუთე პიროვნება ვინმე დ. ქოქიაშვილი.
რა დაადგინა დღევანდელმა გამოძიებამ დ. ქოქიაშვილზე:
* დადგენილია, რომ სწორედ ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი და ბუხაიძე აიყვანეს ოქროყანაში.
* სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა ორივე ამ პირის ჩასმა მანქანაში და როგორც ირკვევა სწორედ ის ადგა ოქროყანაში გირგვლიანს თავზე.
ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ქოქიაშვილი დანაშაულის ერთ-ერთი აქტიური და მნიშვნელოვანი მონაწილე იყო.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ პირობებში, ქოქიაშვილს მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა(!!!)
შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პირობებში, იგივე ქმედებაზე გასამართლებულ არცერთ პირს, ასეთი დაბალი სასჯელი არ ჰქონია მისჯილი.
საუბარი იმაზე, რომ დ. ქოქიაშვილს ნაკლები შემხებლობა ქონდა ჩადენილ დანაშაულთან, ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, პირდაპირ რომ ვთქვათ - ტყუილია.
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება?...“, - კითხულობს გოგა ხაჩიძე.
დავით ქოქიაშვილი 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ კი შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან „კუდ“-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს.