
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოს ქალაქებსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდები“ დაბრუნდნენ.
მათთან ერთად, სამეგრელოში ასევე გააქტიურდნენ ყოფილი პარტიზანული შენაერთის „ტყის ძმების“ მეთაური და წევრები.
კონკრეტულად, ჩვენი წყაროს ცნობით, ზუგდიდში იმყოფება ახალი თაობის „კანონიერი ქურდების“ ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, 42 წლის ზურა დგებუაძე, სენაკში - 57 წლის „კანონიერი ქურდი“ მერაბ მზარელუა, იგივე „დუ იაქე“, აბაშაში - ასევე 42 წლის გოჩა კარანაძე, იგივე „იაქიჩა“, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ცნობილი გალელი „კანონიერი ქურდები“ - გია მეფორია და გელა ქარდავა, ასევე მათ შორის ყველაზე უმცროსი - 35 წლის გია ზარანდია, იგივე გია გალსკი.
ამათგან, ბოლო ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა გია მეფორია, რომელიც პულკოვოს აეროპორტში დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მეფორია მაშინ დააკავეს, როცა ცეცხლსასროლი იარაღი ხელბარგიდან ამოიღო და მის ჩაგდებას სანაგვე ურნაში შეუმჩნევლად ცდილობდა.
ასევე, „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ზემოთჩამოთვლილი „კანონიერი ქურდების“ გარემოცვაში შენიშნეს რამდენჯერმე ყოფილი პატრიზანული შენაერთის „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია და რაზმის სხვა წევრები.
შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და როგორც ზემოთჩამოთვლილმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ასევე სხვა „კანონიერმა ქურდებმა“ ამ საკანონმდებლო დისკომფორტის გამო წინა ხელისუფლების დროს საქართველო დატოვეს.
ფოტოებზე: ზურა დგებუაძე, მერაბ მზარელუა, გოჩა კარანაძე, გია მეფორია, გელა ქარდავა, გია ზარანდია.