
ოდესაში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ფარფალია, იგივე "კახა გალსკი" იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას მეგობარი ახლდა, მამაკაცებთან ერთად კი მანქანაში ორი ქალი იჯდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა.
კახა ფარფალია «Mercedes-Benz W222»-ში იჯდა. კალაშნიკოვის სისტენის ავტომატიდან ცეცხლი სწორედ ამ ავტომანქანას გაუხსნეს. კორტეჟში მოძრაობდა ასევე «Mercedes-Benz Gelandewagen», სადაც კრიმინალური ავტორიტეტის დაცვის წევრები ისხდნენ. მათ საპასუხო ცეცხლის გახსნა ვერ მოასწრეს.
კორტეჟი სასტუმრო "არკადია პლაზიდან" გამოვიდა. მას ცეცხლი ეზოდან გამოსვლისთანავე გაუხსნეს. კახა ფარფალიასთან ერთად მანქანაში მყოფი მამაკაცი "კანონიერ ქურდთან" ერთად მიიმალა, მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო ერთმა გოგონამ, რომელმაც მძიმე ჭრილობები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 35 წლის მამაკაციც, რომელიც, სავარაუდოდ, დაცვის წევრი იყო.
ოდესის მედიასაშუალებები ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავდასხმაში კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე ლექსოა ეჭვმიტანილი. ლექსოს გვარი მედიაში არ დასახელებულა.