
„კურიერი“ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ამ დროისთვის არსებულ საეჭვო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. აქედან ერთი თავად „კურიერმა“, ორი კი ეროსი კიწმარიშვილის ძმამ აღმოაჩინა.
აღმოჩნდა, რომ სათვალთვალო კამერა, რომლის არეშიც აუცილებლად მოხვდებოდა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანა, სხვა მხარესაა შებრუნებული და მხოლოდ იმ ადგილის გადაღება შეეძლო, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანის გვერდითაა, ვიდრე ლიფტის შესასვლელამდე.
ერთერთი ვერსიით, ეს კამერა თავად ეროსი კიწმარიშვილმა დაამონტაჟებინა. შებრუნებულ კამერას კარგად ეტყობა თითების კვალი, რადგან მის ზედაპირზე მტვერი იყო. უცნობია, კამერა ტრაგედიამდეა სხვა მხარეს შებრუნებული, თუ ტრაგედიის შემდეგ.
თავად კიწმარიშვილის მანქანა კი, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთმა კამერამ გადაიღო, რომელზეც მხოლოდ ფარეხში შემსვლელი და გამომსვლელი მანქანები ფიქსირდებოდა.
კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე გარდაცვლილის ძმა ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ავტომობილის დათვალიერების პროცესს პირადად ესწრებოდა. მისთვის საეჭვო ავტომობილში აღმოჩენილი იარაღია:
„მე ვნახე იარაღი, რომელიც როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული, მასზე არ იყო სისხლის კვალი, მე სხვაგან ყველგან ვნახე სისხლი, მთელს მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის უცნაური დეტალი“,- განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა „კურიერთან“ საუბარში.
ეროსი კიწმარიშვილის ძმის ინფორმაციით, გარდაცვლილს ღვედი ეკეთა, საჭესთან იჯდა და მანქანის ფარები იყო ანთებული.