
იარაღის მაღაზია "დიანას" დაცვის თანამშრომლები, სადაც ეროსი კიწმარიშვილმა სავარაუდოდ, იარაღი შეიძინა, "ლიბერალთან" საუბრისას აცხადებენ, რომ არ იციან, რამდენ ხანს ინახავს მაღაზიის წინ დამაგრებული კამერა ჩანაწერებს.
ლიბერალის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დაცვის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რამდენ ხანს ინახავს მათი დასაცავი ობიექტის ვიდეოკამერა ჩანაწერებს, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დუმილით უპასუხეს.
მაღაზიის თანამშრომლებისა და დაცვის პოლიციის გარდა მაღაზიაში იმყოფებიან სამოქალაქოტანსაცმლიანი ადამიანები, რომლებიც არ ასახელებენ ვინაობას, არ აკეთებენ კომენტარებს, ჟურნალისტებისგან მოითხოვენ - დატოვონ მაღაზიის ტერიტორია.
მაღაზიის თანამშრომლები არცერთ შეკითხვას არ პასუხობენ: რომელ საათზე მივიდა კიწმარიშვილი იარაღის შესაძენად? ამოიღო თუ არა უკვე პროკურატურამ კამერის ჩანაწერები? და ა.შ.
ის ფაქტი, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღი პეკინის ქუჩაზე მდებარე იარაღის მაღაზია "დიანაში" შეიძინა, "პირველ რადიოს" მაღაზიის გამყიდველმა რამდენიმე საათის წინ დაუდასტურა.
რადიოს ცნობით, გამყიდველის თქმით, СZ ტიპის იარაღი კიწმარიშვილმა 15 ივლისს, დილით 11 საათისათვის გაიტანა.