-
2014-06-28 11:20
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული პაატა გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა გ-მ სოფელ კიკეთში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ნ-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. პაატა გ. თანმხლებ თეიმურაზ ა-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თეიმურაზ ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო პაატა გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
გამოძიება პაატა გ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით), ხოლო თეიმურაზ ა-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).