
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ნიკა გვარამიას გარდა ბრალდების დადგენილება გამოტანილია არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიას და "ინტერმედია პლუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართაც.
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ - მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია."-ნათქვამია განცხადებაში