-
2015-02-07 23:47
ორი დღის წინ მეუღლემ მეუღლემ ლელა ავლოხაშვილი ელდიაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვა.
ქალბატონი ამავე ქუჩის სიახლოვეს მდებარე ბაზრობასთან ბანანებით ვაჭრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა გაგუდეს, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს.
„რომ გავიგე, ლელას გარდაცვალების ამბავი, ვერაფრით დავიჯერე. ახალგაზრდა ქალი იყო, ამბობდა, - 43 წლის ვარო… ფიზიკურად ძლიერი ქალი იყო. საწყალი სიცივესა და სიცხეში, ყოველ დღე ქუჩაში იდგა ლუკმა-პურის საშოვნელად. ხშირად მიფიქრია, ნეტა რა გაძლება აქვს-მეთქი!
ხშირად ამბობდა, ბინის დაგირავება მინდა და ეგება ფული როგორმე შევაგროვოო. ამბობენ, რომ კიდეც მოახერხა რაღაც თანხის თავმოყრა და ამიტომ მოკლეს, მე როგორც გავიგე, გაგუდეს და ფული წაიღეს.
ეროვნებით, ოსი იყო, ლაპარაკისას ზოგჯერ ოსურადაც კი უქცევდა. ამბობდა, ძალიან ბევრი ვიწვალე, ორჯონიკიძეშიც კი ვცხოვრობდი, მაგრამ იქაურობას ვერ შევეგუე და ისევ უკან დავბრუნდიო… პირველ ქმართან გაშორებული იყო. ისიც უთქვამს, გათხოვებაშიც არ გამიმართლა, ქმარს გავშორდი, ავირიე-დავირიე, შვილებიც ცალკე ცხოვრობენო…
ეს მეორე ქმარი აზერბაიჯანელი ჰყავდა და ნაქირავებ ბინაში მაგასთან ერთად ცხოვრობდა, სწორედ მაგ კაცმა ნახა ეგ საცოდავი გაგუდული…“- ამბობს გარემოვაჭრე რევაზ ხარშილაძე.
„საწყალი სულ ბანანის ყუთებს დაათრევდა. მაგათ ბინაში საერთოდ შუქი გვიან ინთებოდა ხოლმე. კაცი არავისთან კონტაქტობდა კიბეებზეც სულ თავდაღუნული ადიოდა, - ბინა მეორე სართულზე ჰქონდათ დაქირავებული. მაგათი ბინიდან ხმამაღალი ლაპარაკი არ გამიგონია.
იმიტომ გამიკვირდა, ამ კაცის ყვირილი რომ გავიგონე, - მიშველეთო! ბინაში ავედით, უბედური ქალი იატაკზე გარდაცვლილი ეგდო. კაცი ქორწილში ყოფილა წასული და სახლში დილით დაბრუნებულა. ამბობდა, ბინის დაგირავება გვინდოდა, ლელას 9200 დოლარი ჰქონდა შეგროვილი, ეს ფულია წაღებული და ლელას ბეჭდებიო. ალბათ საწყალმა ქალმა ვიღაცასთან თქვა, - ბინას ვგირაობ და ფული სახლში მაქვსო, იმან კიდევ ვიღაცას უთხრა და ასე გაიგეს ყაჩაღებმა. აბა, ისე ვის დაესიზმრებოდა, რომ მაგ ქალს სახლში ამდენი ფული ჰქონდა?! ბანანებით მოვაჭრის სახლში ამდენ ფულს ვინ დაუწყებს ძებნას.
მეზობლებს არ გვინახავს, ვერ გავბედეთ ნახვა. არც ამ ქალის შვილები გამოჩენილან, რომ დედაზე რამე ეთქვათ. მარტო მოვაჭრეები მოვიდნენ და ერთმა თქვა, - დავხედე ცალი ლოყა ძალიან გაწითლებული აქვს, ალბათ ვიღაცამ დაარტყაო. მეორემ კიდევ, - შეიძლება არავის დაურტყამს, საცოდავს ასთმა ჰქონდა, იმას რომ ნახა თავისი მთელი ნაშრომი ყაჩაღებს მიჰქონდათ, შეიძლება სული შეეხუთა და გარდაიცვალაო.
ასეა თუ ისე, ცუდი დრო დადგა, ადრე სახლს არც ვკეტავდი, ახლა კიდევ კარს შემოვიკეტავ თუ არა, რამდენჯერმე ვამოწმებ დაკეტილია, თუ – არა, მეშინია, არავინ შემომივარდეს და მაგ ქალის დღეში არ ჩამაგდოს, - აცხადებს ლელა ავლოხაშვილის მეზობელი ქალბატონი.
kvirispalitra.ge