
როგორც „გურიის მოამბე“ წერს, მთვრალი მაღალჩინოსნების მიერ 18 წლის უდანაშაულო ოზურგეთელი გოგონას დაკავებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საზოგადოების უმრავლესობა, პოლიციის ხელმძღვანელთა ქმედებას აპროტესტებს და პოლიციის მაღალჩინოსნებს არაპროფესიონალიზმსა და ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებს.
როგორც "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა აცნობეს, ინცინდენტი, ამ დღეებში, ქალაქ ოზურგეთში, სუპერმარკეტ "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ახალგაზრდა გოგონას პოლიციელები მას შემდეგ დაესხნენ თავს, როცა ის, მის თანმხლებ ბიჭებსა და გოგონებს გამოესარჩლა, რომლებსაც თავის მხრივ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები უხეშად მიმართავდნენ და რამდენიმე მოზარდის დაკავებას ცდილობდნენ.
ინცინდენტის შემსწრე ადამიანთა მტკიცებით, პოლიციის უფროსიცა და მისი მოადგილეც, რომლის ბრძანებითაც დააკავეს გოგონა, ძლიერ ნასვამები იყვნენ და საზოგადოებას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მეტიც, როგორც ერთერთი თვითმხილველი ამბობს, პოლიციის უფროსის მოადგილემ ხმამაღლა "დაიგინა" კიდეც, "ამას მთელი ღამე პოლიციაში ვაყურყუტებო". ამავე მაღალჩინოსანმა დაკავებული ბიჭები გაათავისუფლა და ადგილზევე გოგონას დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მართლაც, დაკავებული ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს და მეორე დღეს, ის სასამართლოს წინაშე წარსდგა.
შსს პრესსამსახურის ცნობით. ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ 18 წლის ახალგაზრდა გოგონას (რომლის სახელსა და გვარს და ინიციალებსაც, რედაქცია გასაგები მიზეზის გამო არ ასახელებს), ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
მთელი ღამის განმავლობაში კი, როცა ის პოლიციას ჰყავდა დაკავებული, პოლიციის შენობის გარეთ უამრავი ადამიანი მორიგეობდა", - წერს გამოცემა.