
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამი პატიმარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა შეიყვანეს.
ინფორმაცია "რუსთავი2"-ს კლინიკის მიმღებში დაუდასტურეს. თუმცა, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
პარალელურად, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-8-ე დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
"კურიერს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, რომ გლდანის ციხიდან არცერთ პატიმარს სამედიცინო ჩარევა არ დაჭირვებია და იქ სიმშვიდეა.
რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებს, სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სხავადსხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს.
გუშინ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული 7 ყოფილი სამართალდამცველიც მოათავსეს, რომელთაც საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მათ ადვოკატებს არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, იყო თუ არა მობილიზებული სპეცრაზმი დაწესებულებაში. ან არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ ფაქტს შორის.