
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შესაძლოა, გიორგი ბარამიძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება მოითხოვოს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა იქნება, განიხილავენ კიდეც.
გიორგი ბარამიძის მიმართ პრეტენზია ევგენი აფრასიძის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს აქვთ. მათ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც აქვთ გაგზავნილი, საჩივარი პროკურატურაშიცაა შეტანილი. აფრასიძეები მიიჩნევენ, რომ 2004 წლის მარტში შს სამინისტრომ აფრასიძეების ოჯახის მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა და ოჯახის წევრები ჩახოცა.
სპეცოპერაცია სვანეთში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მითითებით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, ასევე ადგილზე იყო მისული ზურაბ ადეიშვილიც.
სპეცოპერაციის დროს აფრასიძეებმა სამართალდამცველებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი დააკავეს და გაასამართლეს.
აფრასიძეების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმის გამოძიებისას სწორედ ამ სამი პირის: სააკაშვილის, ადეიშვილისა და ბარამიძის ბრალეულობა გამოიკვეთება. არაა გამორიცხული, გიორგი ბარამიძე დააკავონ კიდეც.