-
2014-12-05 22:45
ტვერში 56 წლის ეთნიკური ქართველი მიხაკო ჯანელიძე საკუთარ სახლში წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ბიზნეს-პარტნიორმა ქალმა თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ აღმოაჩინა. მიხაკო ჯანელიძე ტვერში საეკლესიო მაღაზიათა ქსელის მფლობელი იყო.
თავდამსხმელებმა, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ნიღბიანი და შეიარაღებულები იყვნენ, მიხაკო ჯანელიძის სახლში 29 ნოემბერს შეაღწიეს და მამაკაცი ჯერ დაუდგენელი იარაღით სასტიკად აწამეს. მას ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს, თავში კი ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მას შემდეგ, რაც სისხლდენა დაეწყო, სავარაუდოდ, ოთახიდან ოთახში დაათრევდნენ - ამ დასკვნამდე გამოძიება იატაკსა და ხალიჩებზე, დერეფნებში არსებულმა სისხლის კვალმა მიიყვანა.
სასტიკი წამების შედეგად მამაკაცი დაიღუპა. სავარაუდოდ, ის სისხლისგან დაიცალა. თავდამსხმელებმა სახლი გაჩხრიკეს და ძვირფასი ნივთები, ასევე, თანხაც წაიღეს.
შემთხვევა მიხაკო ჯანელიძის კუთვნილ კოტეჯში მოხდა, სადაც ის ხატებსა და სხვა საეკლესიო ნივთებსა და საქონელს ინახავდა.




