
4 წლის ლიზი შენგელია ოჯახის ნათესავმა ქალმა, მზია ნინუამ გაგუდა.
38 წლის მზია ნინუას ამ ზაფხულზე მდინარე ცხენისწყალში 11 წლის შვილი დაეხრჩო.
შემზარავი მკვლელობის შესახებ მზია ნუნამ მეუღლეს უამბო.
როგორც გარდაცვლილი ლიზის დედა, ლელა ახალაძე ყვება მეუღლის ბიცოლა მათთან ხშირად სტუმრობდა.
„სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში ვცხოვრობ, ლიზიკო, 4 წლის იყო, პატარა ბიჭი 2 წლის მყავს. ამ სახლში ჩვენთან ერთად, ჩემი მაზლი და მისი ოჯახიც ცხოვრობს. მზია ნინუა შვილმკვდარი დედაა და გვეცოდებოდა. ის 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.
სამშაბათი დღე იყო, რომ მოვიდა, ბავშვს გაეთამაშა და წაყვანა შესთავაზა. 28 ოქტომბერი იყო, ვიცოდი, ბავშვი იქ რომ დარჩებოდა ღამით. საღამოს 7 საათზე მზიას მესიჯი მივიღე, - შენს შვილს ფეხები დავბანე, დავუთბილე და დავაწვენო. საღამოს 10 საათი ხდებოდა, მზიას ძმამ რომ დამირეკა, - შენი შვილი მოწყენილია, მოდი და ბავშვი წაიყვანეთო.
ტელეფონი როგორც კი დავდე, მაშინვე მზიას დედამ, ლალი ნინუამ დამირეკა, აფორიაქებული იყო და მითხრა, - მოდი ჩქარა, შენი შვილი ცოცხალი აღარ არისო. იქ რომ მივედით, სახლთან პოლიცია და „სასწრაფო“ იდგა. ბავშვი საწოლში იწვა, ხელ-ფეხი და ყბა ახვეული ჰქონდა. თავთან ედგნენ მზია ნინუა, მისი ქალიშვილი - მაია და დედამისი, ლალი ნინუა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი და რამდენიმე საათში ცოცხალი აღარ მყავდა.
პოლიციელებმაც დაათვალიერეს ჩემი გაყინული შვილი და მითხრეს, არანაირი დაზიანება გარეგნულად ბავშვს არ აღენიშნება, ამიტომ გირჩევთ ექსპერტიზის ჩატარებასო. მზია და მისი ოჯახის წევრები დაკრძალვამდე სულ დადიოდნენ ჩვენთან.
თურმე შვილი მომიკლა და მსახიობობდა. ფსალმუნებსაც უკითხავდა ჩემს პატარას. მეც მეუბნებოდა, - შვილმკვდარი დედა ვარ, მე გასწავლი, რა უნდა წაუკითხო შენს შვილს, ეს ლოცვები წაუკითხეო. ბავშვის სურათიც კი გაადიდა და მოიტანა. რას წარმოვიდგენდით, რომ ჩემი შვილის მკვლელი ჩვენ თვალწინ ტრიალებდა? ექსპერტიზის ჩატარება დაკრძალვის წინადღეს გადავწყვიტეთ. ექსპერტიზა რომ ვახსენეთ, მზია, მისი გოგო და დედა ძალიან შეშინდნენ, სამივეს სახეზე დაეტყო, რომ ეს არ უნდოდათ, მაგრამ ექსპერტიზა ჩავუტარეთ და დღემდე დასკვნას ველოდებოდით.
ეს ქალი სულ იძახდა, ახალ წლამდე ვიღაც უნდა გავამწაროო. სულ ვეუბნებოდი, ასეთ რამეს რატომ ამბობ, შვილმკვდარი დედა ხარ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი გამწარება ჰქონდა ჩაფიქრებული?
თვითონ აღიარა ქმართან ყველაფერი. მაგიდას მიუსხდნენ თურმე საჭმელად, მზია არ ჭამდა. ქმარს უკითხავს, - რა გჭირს, საჭმელს რატომ არ ჭამო? უთქვამს, - იმ ამბის შემდეგ ლიზი არ მასვენებს, სულ თვალწინ მიტრიალებს მისი სახე და თმას მწიწკნის, მე დავღუპე ეს ბავშვი, ბალიშით გავგუდეო.
მერე პოლიციაშიც აღიარა დეტალურად ყველაფერი, თუ როგორ მომიკლა ჩემი ლამაზი ლიზი: გარდაცვლილი შვილის სურათებს ვათვალიერებდი, ამის მერე ლიზის დაჭერა დავუპირე, მაგრამ გამექცა, მაინც დავიჭირე და ბალიშით გავგუდეო. ამ ქალს ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონდა. ახლა შეიძლება თავი გიჟად მოაჩვენოს ყველას, მაგრამ ის შეურაცხადი არ არის. თუ გიჟია, მაშინ თავისი შვილი რატომ არ მოკლა და ჩემი რატომ მოკლა?
მოვითხოვ, დაისაჯოს ის გოგოც და მზიას დედაც. სამივენი ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები არიან. მზიას შვილს უთქვამს, - ვხედავდი, ლიზი როგორ იტანჯებოდა, ფეხებს აფართხალებდა და მერე მუცელიც გაებერაო. ამას შორიდან უყურებდა? მოვითხოვთ, ისინიც მიუსხდნენ მკვლელს გვერდით! ეს თუ იცოდნენ, ამდენ ხანს რატომ იყვნენ ჩუმად? არ გავჩუმდებით, სანამ ყველანი უმკაცრესად არ დაისჯება!
ჩემი ქმრის ბიძა სულ ეჩხუბებოდა, სხვისი ბავშვები ნუ მოგყავსო. ჩვენი შვილები მიიჩვია. ჩემს მაზლის შვილებსაც ეფერებოდა, ისინიც მიჰყავდა თავისთან. ვფიქრობ, მას განზრახული ჰქონდა ჩვენი სახლიდან რომელიმე ბავშვი მოეკლა.
მე-3 კლასელია ჩემი მაზლის შვილი, ავადმყოფობს. ბავშვს ძილში ასლოკინებს. ერთხელ ჩვენთან დარჩა მზია, იმ ღამით თურმე მძინარე ბავშვს შუბლზე ხელი დაადო, თავზე საბანი გადააფარა და ახრჩობდა. ბავშვს გამოეღვიძა და ამის შესახებ გვიამბო, მაგრამ არ დავუჯერეთ. მითხარით, ამ საშინელების მერე რა ჭკუაზე უნდა ვიყო?“ - აცხადებს ლელა ახალაძე.
gzapress.ge