
ხელისუფლებაში არსებულ ნეპოტიზმზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა.
მმართველი პარტია ასეთის არსებობას ყოველთვის უარყოფდა მანამ, სანამ ფაქტები ოფიციალურად არ დადასტურდა.
მთავრობა ნეპოტიზმში საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმაც დაადანაშაულა.
საკითხი კახი კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს ეხება, რომელიც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
„ჩემთვის ეს ფაქტი არის მიუღებელი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შეცდომა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, ცოლის ძმას რომ ანიშვნინებ მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, თან განათლების სამსახურის ხელმძღვანელად, ზუსტად ეს არის ნეპოტიზმი.
მეორე შეცდომა არის ის, რომ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანს ნიშნავენ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ადამიანს, რომელსაც, მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ საქმიანობის გამოცდილება აქვს და სხვა არაფერი.
გიორგი არეშიძემ საქმე რომ გააფუჭოს, ნარმანიას ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ შენიშვნა მისცეს, ან გაუშვას სამსახურიდან ეს ადამიანი, რომელიც პარტიაში ძალიან გავლენიანი პირის ახლო ნათესავია? ჩემი აზრით, ნარმანია ამას ვერ შეძლებს. ამით საქმე ფუჭდება, ამაში ჩვენ ხელფასი უნდა გადავიხადოთ, ჩვენი სახსრები იკარგება და რაც მთავარია, ხალხი ზარალდება.
არ შეიძლება ნეპოტიზმი და გამოუცდელი კადრების ამხელა თანამდებობაზე დასაქმება. ეს მიუღებელი იყო სააკაშვილის დროს, როცა ისინი ნიშნავდნენ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანებს და ეს ფაქტი ასევე მიუღებელი უნდა იყოს ამ მთავრობის დროსაც. ამას მე ვამბობ ხმამაღლა და სხდომაზეც ვთქვი კიდეც,“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
kvirispalitra.ge