
მივა თუა რა 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე პრეზიდენტი მარგველაშვილი? გაზეთ "ქრონიკა+"-ის ერთერთი სტატია აქციის დეტალებზეა და კულუარული ინფორმაციაა გახმიანებული, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მარგველაშვილი აქციაზე მივიდეს, მხოლოდ იმ პირობით, თუ იქ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება წარმოდგენილი.
სტატიაში პარალელი გავლებულია 19 აპრილის აქციასა და დაგეგმილ აქციას შორის და ხაზგასმულია, რომ თუ 19 აპრილის აქცია ცალსახად "ნაციონალური მოძრაობის" წარმოჩენას და იმის ჩვენებას ისახავდა მიზნად, რომ პარტია არ მომკვდარა, ახლა ნაციონალების მიზანია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური გაერთიანება და იყოს წარმოდგენილი მათ მიერ დაანონსებულ მიტინგზე.
სტატიის ავტორი წერს, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის დაანონსებამდე, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში "პარტიიის წევრებსა და ლამის, ნახევარ საქართველოს შეხვდა" და ხაზს უსვამს, რომ ამ შეხვედრების ნებართვა სააკაშვილს უშუალოდ ილჰამ ალიევისგან ჰქონდა მიღებული. სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში სააკაშვილის მიერ შეხვედრების გამართვაზე შეიტყო, ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ აზერბაიჯანის პირველმა პირმა მის ზარებს არ უპასუხა.
სტატიის ავტორი წერს, რომ 15 ნოემბრის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა", მინიმუმ, 15.000 ადამიანს ელოდება. მისი ვარაუდით, ორგანიზებული იქნება რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა, რასაც სუს-ი შეძლებისდაგვარად შეუშლის ხელს, ისევე, როგორც კუდ-ი აკეთებდა ამას 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა "ქართულ ოცნებას" ხალხი სამიტინგოდ რეგიონებში გადაჰყავდა.