
15 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ტაქსისტი გოდერძი შამუგია მგზავრმა დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა.
დამნაშავემ მანქანა დაისაკუთრა და ვიდრე სასურველი მიმართულებით წავიდოდა, საკუთარ სახლთან დედას დაუძახა, - კაცი მოვკალი, წადი, აქვე გდია და ნახეო…
პოლიციას მომხდარი მკვლელის დედამ შეატყობინა.
სოფელ დარჩელის მოსახლეობა დამნაშავეს უარყოფითად ახასიათებს.
„საზიზღარი ვინმეა, 22 წლის არის, მისი ლოთობით და აყალმაყალით სიცოცხლე აქვს სოფელს გამწარებული; არც ქურდობაზე ამბობს უარს.
ყაჩაღობისთვის დაიჭირეს, ვიფიქრეთ, მოვისვენეთო, მაგრამ რა გინდა, ამნისტია შეეხო და ძველებურ გულზე დაბრუნდა, - ამ სოფელში მე ვარ უფროსი, ვინც არ დამემორჩილება, იმას ასე და ასე ვუზამო…
პოლიციამ მშვენივრად იცოდა ეგ ამბავი, მაგრამ ბუზი არავის აუფრენია... 3 პატარა ბავშვის მამას ღორივით გამოჭრა ყელი, დაღუპა მთელი ოჯახი, ახლა დაიჭერენ, მოიხდის ამ სასჯელს, ისევ გამოვა და კიდევ ვიღაცას მოკლავს.
თურმე მძღოლი იმიტომ მოკლა, რომ მან ფული მოსთხოვა... 6-7-ჯერ დაარტყა დანა… ღამის 2 საათი იყო და იმ უბედურს მშველელი ვინ გამოუჩნდებოადა… კაცი სისხლისგან დაიცლებოდა და წინააღმდეგობას როგორღა გასწევდა,“ - ამბობენ დარჩელში მცხოვრებნი.
kvirispalitra.ge