
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება შევიდა და დაზარალებულ მხარეს უფლება მიეცა, საქმის მასალებს გაეცნოს, ზურა კიწმარიშვილმა საჯაროდ მოითხოვა, რომ პროკურატურას ის დაზარალებულად ეცნო და ამ მასალებთან მიღწევის ნება მისცემოდა.
„პრაიმტაიმი“ ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილს ესაუბრება:
„აღმოვაჩინეთ უკანა სავარძელზე სისხლის ლაქები, რომელიც დადგენისა და ლოკალიზაციის მიზნით შესასწავლია. ამის გამო ჩავატარეთ ბოლოსწინა დათვალიერება იმისთვის, რომ დაგვეზუსტებინა, როგორი იყო სისხლის განლაგება უკანა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებზე.
ჩვენი კვლევით, გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი უკიდურესად იყო მიბჯენილი სავარძლის საზურგეს და თავიც კი ედო ე.წ. „პადგალოვნიკზე“...
იარაღის განლაგება წინ რომ ყოფილიყო და არა საფეთქელთან, მაშინ უკანა სავარძელზე მჯდომი პირი ამ მდგომარეობაში გასროლას ვერ განახორციელებდა და, შესაბამისად, მისი არსებობაც გამოირიცხებოდა. ამიტომაც ამ გამოკვლევით მანქანაში მეორე პირის არსებობა ვერ გამოირიცხა. ახლა უკვე სხვა თემებია გამოსარიცხი. ერთბაშად ყველაფრის დადგენა ვერ ხერხდება.
პროკურატურას ჯერ ყველა დასკვნა არ აქვს. ის თავისი წესებით მუშაობს. მე ჩემი გამოცდილების შესაბამისად, ვმუშაობ გამორიცხვის მეთოდით იმისთვის, რომ ბოლოს კონკრეტული სურათი დავტოვო. თუ ამ მეთოდით მივიღებ სურათს, რომ იმ მანქანაში შეუძლებელია სხვა ვინმე იჯდეს, ბუნებრივია, ვიტყვი, რომ ერთი კაცი იჯდა მანქანაში და ეს იმას ნიშნავს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა...
უკვე არის ექსპერტიზის პასუხი აღმოჩნდა თუ არა ტყვიასა და იარაღზე ეროსი კიწმარიშვილის დეენემი, მაგრამ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, საგამოძიებო მასალების გამჟღავნება გამომივა...“ - აღნიშნა ექსპერტმა.
გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ მას ეჭვები მკვლელობის შესახებ უფრო გაუმძაფრდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, უახლოეს ხანში პროკურატურა და ალტერნატიული გამოძიების ჯგუფი ერთობლივად ჩაატარებენ ექსპერიმენტს, რომლის შედეგადაც დიდი ალბათობით მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი – ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, თუ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.